“ორივე ქვეყანამ საკუთარი ეროვნული ინტერესები კარგად წარმოაჩინა. ორივე ქვეყნის ინტერესშია დაბალანსებული ვაჭრობა. ამერიკა გააგრძელებს ამისკენ სვლას”, – უთხრა ჟურნალისტებს აშშ-ის ხაზინის მდივანმა.
ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები პირველი პირისპირ შეხვედრაა მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, მას შემდეგ რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ სავაჭრო ომები ოფიციალურად დაიწყო და ასეულობით ქვეყნის წინააღმდეგ საიმპორტო გადასახადები დააწესა. ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებულმა ტარიფებმა 100%-საც გადააჭარბა, ამას ჩინეთმა ასევე საპასუხო ზომებით უპასუხა და სატარიფო მარჟამ ჩინეთის შემთხვევაშიც ამერიკის წინააღმდეგ 100%-ს გადააჭარბა.
ჩინეთ-ამერიკის იმპორტის მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 2024 წელს ამერიკაში ჩინეთიდან იმპორტი დაახლოებით 440 მილიარდი დოლარი იყო, ჩინეთმა კი 145 მილიარდი დოლარის ამერიკული პროდუქცია იყიდა. შესაბამისად ამერიკას ჩინეთთან 295 მილიარდი დოლარის მოცულობის სავაჭრო დეფიციტი აქვს. დონალდ ტრამპისთვის სატარიფო პოლიტიკა განსაკუთრებით ჩინეთთან ახალი არ არის, მან პირველ ვადაშიც დაუწესა მთავარ მეტოქეს საიმპორტო გადასახადი, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამაც შეინარჩუნა. პირველი პრეზიდენტობის ვადაში დაწესებულ ტარიფებს შედეგიც ჰქონდა და თუ 2016 წელს ჩინეთის წილი ამერიკის იმპორტი 21% იყო, შარშან მისი წილი 13%-მდე შემცირდა. ტრამპს მიაჩნია, რომ სატარიფო პოლიტიკის გამკაცრებით ამერიკულ წარმოებას დაიცავს, სავაჭრო დეფიციტს აღმოფხვრის, საბიუჯეტო შემოსავლებს გაზრდის და საბოლოოდ ამერიკის ეკონომიკას გაზრდის. ის სატარიფო პოლიტიკის გადახედვის სანაცვლოდ, ქვეყნებისგან მეტი ამერიკული პროდუქტის ყიდვას ითხოვს