მარშში მონაწილეობას აზერბაიჯანის, ბელარუსის, ჩინეთის, ეგვიპტის, ლაოსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, მიანმარის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ვიეტნამის სამხედრო ძალები მიიღებენ.
ის ქვეყნები, რომელთა ლიდერებიც სტუმრების სიაში მოხვდნენ, შემდეგია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ბურკინა-ფასო, ჩინეთი, კონგო, კუბა, ეგვიპტე, ეკვატორული გვინეა, ეთიოპია, გვინეა-ბისაუ, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლაოსი, მონღოლეთი, მიანმარი, პალესტინა, სერბეთი, სლოვაკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე.
მოწვეულთა შორის არიან დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, ისევე როგორც ჩრდილოეთ კორეისა და სხვა 31 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს 9 მაისის აღლუმს, პუტინთან ერთად, მხოლოდ 9 ქვეყნის ლიდერი დაესწრო. ევროკავშირის ქვეყნების ნაწილსა და უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და “ევროპის დღედ” 8 მაისი განისაზღვრა და აღინიშნება.
რაც შეეხება წლევანდელ აღლუმს, როგორც ცნობილია, მოსკოვის მოკავშირე ქვეყნების მესამედმა ღონისძიებაზე დასწრებაზე უარი უკვე თქვა. მოსაწვევის მიღების მიუხედავად, ზოგი ქვეყანა რუსეთში საერთოდ არ იქნება წარმოდგენილი, ზოგიც კი მხოლოდ დაბალი დონის დელეგაციას გაგზავნის.
კრემლში უკვე ჩავიდა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. 9 მაისის აღლუმში მონაწილეობას მიიღებს მონღოლეთის პრეზიდენტი უხნააგიინ ხურელსუხიც, რომელიც უკვე მოსკოვში იმყოფება. რუსეთში უკვე ჩავიდნენ ბრაზილიის, მიანმარისა და ეკვატორული გვინეას პრეზიდენტები.
ევროკავშირიდან აღლუმს მხოლოდ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო დაესწრება. მოსკოვში არ ჩავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომლის ადმინისტრაციამაც განაცხადა, რომ მსგავსი ვიზიტი განხილვის საგანიც არ არის.
აღლუმს არ დაესწრებიან ინდოეთისა და პაკისტანის ლიდერებიც, ორ ქვეყანას შორის გამწვავებული კონფლიქტის გამო. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაადასტურა, რომ მოსკოვში ინდური დელეგაცია გაიგზავნება. პაკისტანს კი ოფიციალური ინფორმაცია საერთოდ არ გაუვრცელებია. ავადმყოფობის გამო აღლუმს ვერ დაესწრება ვერც ლაოსის პრეზიდენტი, თონგლუნ სისულითი, რომელსაც, კრემლის ინფორმაციით, კორონა ვირუსი დაუდასტურდა.
ვიზიტი გააუქმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც. როგორც რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, იური უშაკოვი აცხადებს, ალიევი “გამარჯვების დღის” აღლუმს ვერ დაესწრება, რადგან იგი თავის ქვეყანაში მამისა და წინამორბედის, ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
თავისი ვიზიტი უკვე დაადასტურა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
“ბრიკსის” წვერი სახელმწიფოების ლიდერთა ნაწილი ასევე არ დაესწრება 9 მაისის აღნიშვნას. მაგალითისთვის, ირანი მოსკოვში მხოლოდ ელჩის წარმომადგენლობას დასჯერდება.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი აღლუმს არ დაესწრებიან საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის დელეგაციები.