თვიურ ჭრილში Crude Oil-ის ფასი, თითქმის, 10%-ით არის შემცირებული. Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება 63 დოლარამდეა შემცირებული, ეს თვიურად 9%-იანი კლებაა. WTI [West Texas Intermediate] ფასი 59 დოლარამდეა შემცირებული, რუსული Urals-ის ფასი 67 დოლარია.
ნავთობის ფასები ბოლო ოთხი წლის მინიმალურ ნიშნულზეა. როგორც Reuters წერს, ფასის კლება მსოფლიოში სავაჭრო ომების დაწყებას უკავშირდება, რაც ასევე ეკონომიკის ზრდის შენების მოლოდინს აჩენს, ეს კი თავის მხრივ ნავთობზე მოთხოვნას შეამცირებს. JPMorgan-ი აცხადებს, რომ მსოფლიო ეკონომიკის რეცესიის შანსი 60%-მდეა გაზრდილი. რეცესია უფრო მეტად რეალური ჩინეთის საპასუხო ტარიფებმა გახადა, როცა მსოფლიოს მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანამ აშშ-ის საპასუხოდ დამატებით 34%-იანი ტარიფი დაუწესა.
2 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი, მრავლისმომცველი ტარიფები თითქმის ყველა ქვეყნის პროდუქციაზე გამოაცხადა. 3 აპრილს ნავთობის ფასი უკვე 4%-ით იყო შემცირებული, როდესაც OPEC+-მა წარმოების მოსალოდნელზე მსხვილი ზრდა გამოაცხადა. ბაზარი დღეში 122 ათასი ბარელით ზრდას ელოდა, მაგრამ საბოლოოდ 2025 წლის მაისიდან 411-ათასიანი ზრდა დაანონსდა. ეს მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს ფასებზე, რაც ფუნდამენტური ფაქტორების სისუსტით არის გამოწვეული.