განახლებული გეგმის თანახმად, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პროექტის ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და მისი დასრულება 2025 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. თუმცა მათივე განცხადებით, რელიეფისა და რთული გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, კვლავ “არის გამოწვევები განვითარებული მეწყრული პროცესების სახით, რაზედაც ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები”.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, ამ დრომდე საერთო ჯამში, 34 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე დაგებულია. დარჩენილია 13 კმ. ჯამში კი, პროექტი 47-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.
პროექტი სამ მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველი მონაკვეთი ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება, ხოლო მერე და მესამე – სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
“გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა რეაბილიტირებული გზითაა შესაძლებელი. რეაბილიტირებული მონაკვეთი ასევე მიდის კურორტ ბეშუმის გადასახვევამდე. სამუშაოები აქტიურად გრძელდება გზის დარჩენილ მონაკვეთებზე”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, გოდერძი-ზარზმის მონაკვეთზე დარჩენილია ჯამში 1.3 კმ. კერძოდ, სოფელ უტყისუბანში 90-მეტრიანი და 170-მეტრიანი მონაკვეთები და სოფელ ზარზმაში 1020-მეტრიანი მონაკვეთი – მეწყრული ადგილები, სადაც არ არის ამ ეტაპზე ასფალტის საფარი. ხოლო, ხულო-გოდერძის მონაკვეთზე დარჩენილია 11.7 კმ, კერძოდ, სოფელი ტაბახმელა, სოფელი ბოძაური, სოფელი რიყეთი და სოფელი დანისპარაული.
ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით უნდა შემცირდეს.
ცნობისთვის, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ტენდერი პირველად 2017 წელს გამოცხადდა, სამუშაოები კი 2018 წელს დაიწყო. პირველი კონტრაქტორი ამ მონაკვეთზე იტალიური კომპანია Todini იყო, რომელთანაც 110 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა, თუმცა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულა, რის გამოც 2020 წლის ოქტომბერში ის “სინოჰიდრომ” ჩაანაცვლა. თუმცა, 2024 წლის 15 იანვარს მთავრობამ “სინოჰიდროსთან” 47-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაზე გაფორმებული 95-მილიონიანი ხელშეკრულებაც გაწყვიტა. ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 95,689,302 ლარს, პროექტის განხორციელების ვადა კი 2 წელს შეადგენდა. ის ვადაგადაცილებით და დაბალი ათვისებით მიმდინარეობდა, რის გამოც, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მასთან კონტრაქტი მოშალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამჟამად, დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოებს 4 კომპანია აწარმოებს: შპს კავკასუს როუდ პროჯექტი, შპს ნიუ როუდი, “სინოჰიდრო” და შპს არალი. Bm.ge-ის დამაზუსტებელ კითხვაზე, მაინც გრძელდებოდა თუ არა “სინოჰიდროსთან” თანამშრომლობა, უწყებაში გვითხრეს, რომ მაშინ ამ კომპანიასთან მხოლოდ ერთ ლოტზე შეწყდა ხელშეკრულება. ერთი წლის წინ გზების დეპარტამენტის მიერ “ბათუმელებისთვის” მიწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე სამი კომპანია მუშაობდა (შპს კავკასუს როუდ პროჯექტი, შპს ნიუ როუდი და შპს არალი), “სინოჰიდრო” კი არ იყო ნახსენები. როგორც ჩანს, ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობა კვლავ აღდგა. ამის შესახებ მეტი დეტალის მოწოდებას გზების დეპარტამენტი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე გვპირდება. “დამატებითი დეტალური ინფორმაცია, შეგიძლიათ გამოითხოვოთ და ჩვენი იურიდიული სამსახური გაგიმზადებთ პასუხს”, – გვითხრეს გზების დეპარტამენტში.