bm.ge დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს “ოცნების” ყოფილი დეპუტატი და აფხაზეთის მთავრობის უკვე ყოფილი თავმჯდომარე.
გამომდინარე იქიდან, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა გასული წლის ნოემბრის ბოლოდან შეზღუდული აქვს და მიზეზად ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს და ამასთან bm.ge-ის არა ერთი მიმართვის მიუხედავად არ გვაძლევენ დეკლარაციებს არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით მოთხოვნილ ინფორმაციაზე, გთავაზობთ გასულ წელს შევსებულ დეკლარაციას.
საქმე ის არის, რომ სანამ დეკლარაციები საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI-მ მოამზადა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ბაზა, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლების (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციები.
ქონებრივი დეკლარაცია
ლევან მგალობლიშვილს 5 შვილი ჰყავს, თუმცა დეკლარაციაში, რომელიც 2023 წლის დეკემბერში შეავსო 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს შეყვანილი.
დეკლარაციის მიხედვით, მგალობლიშვილი თბილისში 2 ბინას ფლობს. პირველი 2017 წელს გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე 75,23 კვ.მ ჩუქებით აქვს მიღებული. ხოლო მეორე იმავე მისამართზე 2023 წელს 133 კვ.მ 50 000 ლარად შეიძინა. ახვლედიანს მხოლოდ ნაწილში აქვს თანხა გადახდილი ნაწილი კი გადაეცა თანასაკუთრებაში არსებული წილი ჩუქების საფუძველზე. ახვლედიანის ქუჩაზე ეკუთვნის 2 სარდაფი, რომელთაგანაც ერთი პრივატიზაციის გზით აქვს მიღებული 2001 წელს, ხოლო მეორე 2022 წელს 20 000 დოლარად იყიდა. ასევე, 50 000 ლარად შეძენილი 13, 42 კვ.მ ფართი და 82,88 კვ.მ იმავე მისამართზე.
2017-დან 2022 წლამდე მგალობლიშვილმა აბაშის რაიონის სოფელ მარანში 6 მიწის ნაკვეთი შეიძინა. საერთო ფართობი 56,098 კვ.მ.
დეკლარაციის მიხედვით, აფხაზეთის მთავრობის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს ავტომობილი არ ჰყავს, თუმცა ფლობს კომპანიებს და წილს შემდეგ კომპანიებში:
შპს მარშალ ქონსთრაქშენი 100%; შპს ლევანიტა საქართველო 100%; შპს მარშალ დეველოპმენტი
საქართველო 100%; შპს მარშალ დიდი დიღომი 100%; შპს მარშალ დეველოპმენტი ვერა 100%; შპს ჩემი სახლი გუდაურში.
შპს ლაგუნა საქართველოს 50%-ს ფლობს ვლადიმერ დუნდუასთან ერთად; შპს საინვესტიციო ჯგუფი თლ 50%-ს ფლობს თენგიზ ესიავასთან ერთად.
პარლამენტის წევრის რანგში, ლევან მგალობლიშვილს 2022 წელს მიღებული აქვს 49 304 ლარი. მიწის იჯარიდან მიღებული შემოსავალი კი 207 822 ლარია.
დღგ-ს სახით 2023 წელს მგალობლიშვილს გადახდილი აქვს 75 959 ლარი. სესხის მომსახურებისთვის კი, 67 285 ლარი.
“ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2024 წლის სექტემბერში დაინიშნა.
მგალობლიშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გასულ დაახლოებით 10 დღის წინ გავრცელდა, თუმცა მაშინ აფხაზეთის მთავრობაში bm.ge-სთან ინფორმაცია უარყვეს.