კვირის დასაწყისში ჩეხეთის რესპუბლიკის ცენტრალურ რეგიონში ცეცხლი გაუჩნდა პლასტმასის ნაგავსაყრელს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოცხადდა განგაშის მეორე დონე – ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული რჩებიან მეხანძრეები.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოჰემური რეგიონის სოფელ რინჰოლეკში ხანძარი გაუჩნდა ნაგავსაყრელს, რომელიც 450 კვადრატულ მეტრ ფართობს ფარავს, ცეცხლის სიმაღლემ 5 მეტრს მიაღწია.
პლასტმასის ნაგავსაყრელზე ცეცხლი სწრაფი ტემპით ვრცელდება. როგორც უფლებამოსილი უწყებები იტყობინებიან, ადგილზე გაიგზავნა 250-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 100-ზე მეტი აღჭურვილობა. მეხანძრეთა მიზანია, თავიდან აირიდონ ცეცხლის კერების გავრცელება ნაგავსაყრელის დანარჩენ ნაწილებში, თუმცა პლასტმასის წვისა და ცეცხლის მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, რადგან წყალი მანამ ორთქლდება, ვიდრე ცეცხლამდე მიაღწევს.
სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, სიტუაცია ამ მომენტამდე მწვავეა. ხანძართან ბრძოლის დროს დაშავდა 15 მეხანძრე, რომელთაგან ერთს მძიმე დამწვრობაზე მკურნალობენ.