“ძალიან დასანანია, რომ ევროპელები საქართველოში ჩამოსვლაზე თავს იკავებენ” – შალვა ალავერდაშვილი
„ძალიან დასანანია, რომ ევროპელები ჩამოსვლაზე თავს იკავებენ“ – ასე უპასუხა სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების საქართველოსადმი ინტერესს შეეხებოდა.
საქმე ის არის, რომ 2025 I კვარტალში, საქართველოში EU-დან ვიზიტები შემცირდა, კლებაა შემოსავლებშიც. აღსანიშნავია ისიც, რომ TOP-15 ქვეყანას შორის, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია, ევროკავშირის მხოლოდ ორი ქვეყანა გვხვდება – გერმანია და პოლონეთი და ორივე ქვეყნიდან, ვიზიტორების კლება დაფიქსირდა.
საქართველოში EU-დან ვიზიტები შემცირდა
იანვარ-მარტში საქართველოს EU-დან ტურისტული შემოსავალი 5%-ით შეუმცირდა
– მინდა, ევროპა ჩვენი ძირითადი პარტნიორი იყოს; ძალიან დასანანია, როცა ევროპელი პარტნიორები თავს იკავებენ შენთან საუბარზე, საქართველოში წამოსვლაზე და კულტურულად გეუბნებიან, რომ მერე განვსაზღვრავ, მერე ვისაუბროთ…
– მიზეზი რა არის?
– ვერ გეტყვით; მე უბრალოდ ფაქტს გიყვებით. ძალიან კარგია, რომ ევროპის ქვეყნებში ახალი ავიამიმართულებები ემატება და იმედი გვაქვს, ტურისტების რაღაც რაოდენობა მაინც წამოვა; თუმცა როცა საუბარია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეცვლაზე, გული გვისკდება. უვიზო რეჟიმის შეჩერება იქნება პირდაპირი დარტყმა როგორც ქვეყნისთვის, ისე ტურიზმისთვის. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, „Wizz Air” ფრენებზე ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქეები არიან და თუ უვიზო რეჟიმი შეჩერდება, ავიამიმართულებები შემცირდება და არ მგონია, სხვა ავიაკომპანიები დაემატოს.