ბიზნესმენი, კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ კურორტ აბასთუმნის გახსნა, რაც იქ არსებული მშენებარე სასტუმროების გახსნასაც გულისხმობს, სრულად 2026 წლის ზაფხულისთვის უნდა მოხდეს. როგორც ლაშა პაპაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ საერთაშორისო ბაზარზე კურორტის პოზიციონირებისთვის მარკეტინგული კამპანია დროულად დაიწყოს. საკითხის შესახებ მან 8 მაისს, ეკონომიკის სამინისტროსა და BAG-ის შეხვედრაზეც ისაუბრა.
„მეორე საკითხი იყო აბასთუმანი – კონკრეტულად რა მარკეტინგული მხარდაჭერა ექნება, ასევე ინფრასტრუქტურულად როგორ მოეწყობა, რომელიც 2026 წლის ზაფხულისთვის სრულად უნდა გაიხსნას. ამაზე მინისტრის მოადგილისგან იყო პასუხი, რომ ახლა აჯერებენ თარიღს, როდის უნდა დაიწყონ და 7-8 თვით ადრე აპირებენ საერთაშორისო ბაზარზე კურორტ აბასთუმნის ინტენსიური მარკეტინგის დაწყებას. აბასთუმანი ქვეყანაში ამ კლასის ერთ-ერთი პირველი კურორტი იქნება“, – ამბობს ბიზნესმენი ლევან დავითაშვილთან BAG-ის წევრების შეხვედრაზე საუბრისას.
BM.GE-ის ინფორმაციით, კომპანია „რედიქსი“ აბასთუმანში 60 მლნ დოლარის ღირებულების 3 პროექტს ახორციელებს, აქედან სასტუმრო „აღობილი“ ოპერირებას Doubletree by Hilton-ის ბრენდით დაიწყებს და მისი საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ დოლარია, „სამეფო აბანოების“ – 15 მლნ დოლარი, ხოლო საოჯახო სასტუმრო „ვარძიასი“ – 15 მლნ დოლარია. 2021 წლის ბოლოსთვის არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი სამივე პროექტის დასრულებას და პირველი სტუმრების მიღებას უკიდურეს შემთხვევაში 2024 წლის გაზაფხულისთვის ელოდა.
ცნობისთვის: 2018 წელს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კურორტ აბასთუმნის ელექტრომობილების ქალაქად ქცევის პროექტი დააანონსა, სადაც მოსახლეობას ელექტრომობილებს დაურიგებდნენ და ქალაქში სპეციალურად ელექტრომობილებისთვის ავტოსადგომი მოეწყობოდა. ამის შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდმა კურორტ აბასთუმნის გენგეგმა შეიმუშავა და დაბაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც დაიწყო. 2021 წელს, მაშინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის აბასთუმანში ვიზიტისას სახელმწიფო უწყებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვით კურორტზე 442 მილიონი ლარის სასტუმროები შენდება. მათ შორისაა „რედიქსის“ და ტურიზმის განვითარების ფონდის სასტუმროები. კერძო საინვესტიციო პროექტების შესახებ სხვადასხვა ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებსაც არაერთხელ უსაუბრიათ BM.GE-სთან. პანდემიური პერიოდის შემდეგ სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორიც აბასთუმანში ინფრასტრუქტურული თუ კერძო საინვესტიციო პროექტების დასრულების გადავადების შესახებ აცხადებდნენ. თუმცა თუ სასტუმრო პროექტების ხელმძღვანელები თავდაპირველად გახსნის ვადად 2023 წელს ასახელებდნენ, ეს თარიღი შემდგომში კიდევ რამდენჯერმე დაკორექტირდა, კონკრეტულად კი თავდაპირველად 2024 წლის ზაფხულამდე, შემდეგ 2025 წლის ზაფხულამდე, ახლა კი ლაშა პაპაშვილის ინფორმაციით, კურორტი მომდევნო წელს უნდა გაიხსნას.
BM.GE-მ კურორტის გახსნის ოფიციალური თარიღის დასაზუსტებლად ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.