“აბლაბუდა” – უკრაინამ რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომს დრონებით შეუტია

“აბლაბუდა” – უკრაინამ რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომს დრონებით შეუტია
1 ივნისს, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, როგორც მედია დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, განადგურებულია სულ მცირე 41 სტრატეგიული ბომბდამშენი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

SBU-ს მიერ განხორციელებული შეტევა უკრაინული მხარის მორიგი მასშტაბური ოპერაციაა, რომელიც რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ არის მიმართული. ოფიციალური მოსკოვი მომხდარს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

სპეცოპერაციაზე ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება უკრაინულ მედიაში. წერენ, რომ სპეცოპერაცია 1.5 წელი იგეგმებოდა.

“ამ ისტორიული სპეცოპერაციის მონაწილე ადამიანები უკვე დიდი ხანია უკრაინაში იმყოფებიან.

ამიტომ, თუ პუტინის რეჟიმი საჩვენებლად ვინმეს დააკავებს, ეს იქნება მორიგი, შიდა აუდიტორიისთვის გათამაშებული სპექტაკლი”,– ამბობს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.

ამასთანავე, გამოცემა Axios უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ ტრამპის ადმინისტრაციას წინასწარ აცნობა რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე დაგეგმილი იერიშის შესახებ.

აეროდრომებამდე, გუშინ ღამით ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში, ორი ხიდი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ეს აფეთქების შედეგად მოხდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *