აბსოლუტურად დამოკიდებული ვართ, როგორ განმარტავს “მაუწყებლის კანონს” მარეგულირებელი კომისია – “ტვ პირველის” იურისტი
“ქართული ოცნების” პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი ცვლილებებს, რომლითაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლება მიეცა, კომერციული ბანკებიდან და მიკრობანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია მოიპოვოს.
კომუნიკაციების კომისია, რომელსაც “ოცნებამ” “მაუწყებლის შესახებ” კანონის აღმასრულებლის მანდატი ჩააბარა, სასამართლოს გზით ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ მოითხოვს, თუ აღნიშნული ინფორმაცია მაუწყებელმა კომისიას არ, ან არასრულად მიაწოდა.
“ტვ პირველის” იურისტის შეფასებით, კანონის მუხლები იმდენად ზოგადია, ტოვებს განცდას, რომ ის ისე იქნება წაკითხული, როგორც მარეგულირებელს დასჭირდება. თორნიკე მიგინეიშვილის განმარტებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდეც ჰქონდა საშუალება მაუწყებლებიდან ნებისმიერი სახის ფინანსური ინფორმაცია მიეღო, „ქართულმა ოცნებამ“ კი მას კიდევ ერთი მანდატი მიანიჭა, რომ წვდომა ჰქონდეთ ისეთ ინფორმაციასთან, რაც საბანკო საიდუმლოებად ითვლება.
„აქ რამდენიმე პრობლემაა. ერთი, რომ გაუფართოვდა უფლებამოსილება მარეგულირებელ კომისიას, რომელიც მედიებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით კრიტიკულ მედიებთან დაკავშირებით ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც როგორც წესი არ ჯდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტში და ასევე იმ სტანდარტებში, რასაც კანონმდებლობა მას აძლევს. ასეთ პირობებში მათ აძლევენ ბერკეტს იმისას, რომ გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ გამოითხოვონ ნებისმიერი ინფორმაცია და რას ვგულისხმობთ ნებისმიერ ინფორმაციაში: თავად კანონში არის ასეთი რამ მითითებული, რომ კანონით და კომისიის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ამოცანების და ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია.
იმდენად ზოგადია, რომ ჩამონათვალიც არ არის მოცემული კანონში, რომ ვთქვათ ამ ინფორმაციის გამოთხოვის საშუალება აქვთ. ასეთი რამ არ არსებობს. აბსოლუტურად ვართ დამოკიდებული მარეგულირებელი კომისიის განმარტებაზე, როგორ განმარტავს ის კანონით მინიჭებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება გვაქვს. ცალსახად ის, რის გამოც ეს კანონი მიიღებს, მაუწყებლები ისედაც ვაკეთებთ, ყოველთვიურად და კვარტალურად ჩვენ ვაგზავნით მუდმივად ინფორმაციას მარეგულირებელ კომისიაში, მათ შორის ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით. თუ ამ კანონით უნდათ, რომ ვინმე შეცდომაში შეიყვანონ და თქვან, რომ რაღაცას მაუწყებელი მალავს და მათ შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება მარეგულირებელს სჭირდებოდეს გამჭვირვალობის მიზნით, ამასთან დაკავშირებით მათ ყველანაირი ინფორმაცია მიეწოდებათ, რადგან ეს არის ჩვენი ვალდებულება.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავად ამ კანონშია ჩანაწერი, რომ თუ ეს მოთხოვნები გათვალისწინებული არ იქნება, მაუწყებელი პასუხისმგებელი იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამაში რა მოიაზრება და რა კანონია, ეგეც არ წერია, რაც კიდევ ერთი ზოგადი ჩანაწერია და აჩვენებს იმ მიზანს, რაც აქვს კანონმდებელს, რომ მედიებთან დაკავშირებით ჰქონდეს მეტი ბერკეტი და არსებული ჩანაწერი ისე განმარტოს, როგორც დასჭირდება“-განმარტავს თორნიკე მიგინეიშვილი.
რა ტიპის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება უჩნდებათ ბანკებს კომუნიკაციების კომისიისთვის, ეს ჯერ არც მათთვის არის ცხადი. საბანკო ასოციაციაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ რეგულაციაში ახლა ერკვევიან.
“მაუწყებლის შესახებ” კანონში ბოლო თვეებში შესული ცვლილებები აწესებს გარკვეულ აკრძალვებს მაუწყებლების დაფინანსებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აკრძალულია მაუწყებლის დაფინანსება ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ. ასევე, კანონი კრძალავს მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსებას ფულადი, ქონებრივი ან სხვა მატერიალური სახით.
კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ბოლო ცვლილებები ძალაში სავარაუდოდ რამდენიმე დღეში შევა, მას შემდეგ რაც მას “ოცნების” არჩეული პრეზიდენტი ხელს მოაწერს. კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობა საჯარიმო სანქციებთან ერთად მაუწყებლისთვის ავტორიზაციის შეჩერებასაც ითვალისწინებს.