“ადგილობრივი ბაზარი მოცვის წარმოების 10%-ს მოიხმარს” – როგორი იქნება წლევანდელი მოსავალი?

“ადგილობრივი ბაზარი მოცვის წარმოების 10%-ს მოიხმარს” – როგორი იქნება წლევანდელი მოსავალი?

“აგრითაჩის” დამფუძნებელი ეკატერინე ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ წელს კლიმატურმა პირობებმა მოცვის საადრეო მოსავლიანობა შეაფერხა, რის გამოც სეზონი გადაიწევს – საპროგნოზო მოსავლიანობაზე მან “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა.

ეკატერინე ვეფხვაძე მოცვის ფასწარმოქმნასაც შეეხო და განმარტა, რომ, ვინაიდან ქართული მოცვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, კენკრის ღირებულებას ადგილობრივ ბაზარზეც რუსეთი განსაზღვრავს.

5 000-დან 5 500 ტონამდე ვვარაუდობთ მოსავლიანობას. რა თქმა უნდა, კლიმატურმა პირობებმა წელს ძალიან დაგვაზიანა, რაც, ძირითადად, საადრეო მოსავალს შეეხო, რომელიც ყვავილობაში იყო უკვე და შესაბამისად, ჩვენი სეზონი გადაიწევს, რაც საფასო პოლიტიკაზე აისახება.

რადგან, 90%-ით დამოკიდებული ვართ რუსულ ბაზარზე (რაც ობიექტური მიზეზებითაა განპირობებული), ამ ბაზარზე დამოკიდებულება ფასის ძალიან მკვეთრ ცვალებადობას იწვევს კვირების ჭრილში; მთლიანად მათ ფასზე ვართ დამოკიდებული. რუსეთი ადგენს ფასს. პირველ კვირებში, როცა რუსეთში მოთხოვნა ძალიან მაღალია, მაღალ ფასსაც იხდიან და შესაბამისად ადგილობრივად მოცვის შესყიდვა და, შესაბამისად, რეალიზაციაც, ყველაზე მაღალ ფასად შეიძლება. შემდეგ ფასი იკლებს და იქაც იმდენად პოლიტიკური ბაზარია, რომ რა იმოქმედებ და რა გამოიწვევს სასაზღვრო პუნქტთან მანქანების გაჩერებას, [წინასწარ] არ იცი. ესეც პანიკას იწვევს გამყიდველში და ფასის ხელოვნური ცვალებადობა უცხო არ არის, განსხვავებით სხვა ბაზრებისგან, სადაც სტაბილური ფასია მთელი სეზონის განმავლობაში”, – განმარტავს ეკატერინე ვეფხვაძე.

“აგრითაჩის” მმართველი პარტნიორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ადგილობრივი წარმოების გაზრდის შემთხვევაშიც, პროდუქციის ძირითადი ნაწილის ათვისებას კვლავ რუსეთი შეძლებს, რადგან, საქართველოს მსგავსად, ბევრ ქვეყანაში მოცვის მოხმარება მაღალი არ არის.

“მოხმარება ჯერ იმდენად გაზრდილი არ არის ისეთ ქვეყნებში, სადაც მოცვი ტრადიციული კულტურა არ იყო. ძირითადი მომხმარებლები არიან მოცვის პირველი მწარმოებელი ქვეყნები და იქაც მომხმარებლის ქცევა არის, რომ სამომხმარებლო კალათაში ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია. ჩვენი ბაზარი ადგილობრივი წარმოების 10%-ს მოიხმარს, რამდენიმე წლის წინ ლურჯ მოცვს ძალიან ცოტა ადამიანი ყიდულობდა და ხშირად ერეოდათ კიდეც სხვა კენკრაში. თუმცა, რაც გავხდით მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობაც უფრო აქტიურად იყენებს”, – აღნიშნა ეკატერინე ვეფხვაძემ.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ჯამურად საქართველოდან 5 000 ტონამდე მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის მაჩვენებლებს აღემატებოდა. ქართული მოცვისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც გასულ წელს 24 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული მოცვი გაიყიდა. სტატისტიკაში რუსეთს გერმანია, სომხეთი, გაერთიანებული არაბთა საამიროები და პოლონეთი მოსდევს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *