ავიაკომპანია უკან გაბრუნებულ მგზავრებს აღარ დაელოდება – რას შეცვლის ინიციატივა?

ავიაკომპანია უკან გაბრუნებულ მგზავრებს აღარ დაელოდება – რას შეცვლის ინიციატივა?

“ძალიან კარგი ინიციატივა და წინ გადადგმული ნაბიჯია” – ასე აფასებს PEGAS Touristik Georgia-ს გენერალური დირექტორი სალომე ბერაია ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ავიაკომპანიები აღარ დაელოდებიან იმ მგზავრებს, რომლებმაც ქვეყანაში შემოსვლის უფლება ვერ მიიღეს.

ის მგზავრები, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლის უფლებას ვერ მიიღებენ, უკან დაბრუნებამდე აეროპორტში სპეციალურ ზონაში დარჩებიან. ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ვიდრე ჩამოსული ყველა მგზავრი არ გაივლიდა საპასპორტო კონტროლს, ავიაკომპანიას უკან გაფრენის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რაც რეისების დაგვიანებას და ავიაკომპანიებისთვის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას იწვევდა.

სალომე ბერაია ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკასთან თანხვედრაშია და ავიაციის სექტორს ხარჯებს დაუზოგავს.

“ეს არ არის მხოლოდ იმ მგზავრების დისკომფორტი, რომლებიც ელიან თვითმფრინავის აფრენას. ასეთ შემთხვევაში სრული ჯაჭვი ირღვევა ავიაკომპანიებისთვის და ჩვენ ხშირად გვქონია ასეთი შემთხვევები, როგორც ოპერატორს. ეს მთლიანი ჯაჭვია – როდესაც გვიანდება ერთი რეისი ეს განაპირობებს შემდეგი რეისების დაგვიანებას. გარდა ამისა დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან.ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული თვითმფრინავის აეროდრომზე პარკირება. აეროპორტებში კონკრეტული ვადებია (სლოტები) განსაზღვრული ამა თუ იმ ავიაკომპანიის აფრენა/ დაფრენისთვის და როდესაც ხდება ამ დროის გადაჭარბება, იზრდება ხარჯებიც. მე, როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენელი მივესალმები ცვლილებას, თუმცა უნდა მოხდეს პროცესების ისე მართვა, რომ არ გამოიწვიოს ამან გაბრუნებული მგზავრებში უკმაყოფილება. მე მესმის მათი, როგორც მოქალაქეს. ისინი არიან უცხო ქვეყანაში, ხშირად აქვთ ენის ბარიერი, რჩებიან არც თუ ისე კომფორტულ სივრცეში. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ხდება ეს. უნდა ვიფიქროთ მის მეორე მხარეზე”, – ამბობს სალომე ბერაია და აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევები გახშირებული იყო და შესაბამისად, ხშირი იყო ავიარეისების შეყოვნების ფაქტები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *