როცა საქმე ავტომობილის ყოლის გრძელვადიან ხარჯებს ეხება, საიმედო ბრენდის არჩევა მის შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როგორც ირკვევა, მომხმარებლები მეორეული ავტომობილის შეძენისას ცდილობენ, მაქსიმალურად შეამცირონ მისი შეკეთების ხარჯები და უპირატესობა მაღალი რეპუტაციის მქონე ბრენდს მიანიჭონ.
Consumer Reports-ი სწორედ იმ ავტომწარმოებელთა რეიტინგს აქვეყნებს, რომელთა მეორად ავტომობილებსაც მომხმარებლები ყველაზე საიმედოდ მიიჩნევენ. მათ დასადგენად ორგანიზაციამ თავის წევრებს გასული 12 თვის განმავლობაში თავიანთი ავტომობილების გამართული ფუნქციონირება შეაფასებინა. ანალიზი 2015-2020 წლებში გამოსულ 150 ათასზე მეტ ავტომობილს აფასებს. მომხმარებელთა შეფასებით, თითოეულ ბრენდს 0-დან 100-მდე ქულა ენიჭება.
“საიმედოობის ვერდიქტით” მეათე ადგილი, 48 ქულიანი შეფასებით, Cadillac-მა დაიმსახურა. ბრენდი, როგორც წესი, ფუფუნებასთან ასოცირდება და მომხმარებელს როგორც კომპაქტურ, ასევე გამორჩეულად ტევად მოდელებს სთავაზობს. მფლობელთა დიდი ნაწილი Cadillac-ის ბრენდის მეორადი ავტომობილების შესყიდვას რეკომენდაციას უწევს.
ასევე 48 ქულიანი შეფასებით, საიმედო მეორეულ მანქანებში მეცხრე ადგილს Subaru-ს ბრენდი იკავებს. Subaru-ს მოდელებს, Consumer Reports-ის წევრები ხშირად ასახელებენ მოწინავე პოზიციებზე მფლობელთა კმაყოფილებისა და საიმედოობის რეიტინგებში.
საიმედოობის ვერდიქტით 49 ქულა Nissan-ს რეიტინგის მერვე პოზიციაზე აქცევს. Nissan-ის ავტომობილების, სატვირთოებისა და ელექტრომობილების მოდელები პლატფორმაზე ხშირად იმსახურებენ პოზიტიურ შეფასებას, თუმცა ბრენდის საიმედოობა და მფლობელის კმაყოფილება მოდელიდან მოდელამდე მნიშვნელოვნად მერყეობს, რის გამოც Nissan ათეულის ქვედა ნახევარში რჩება.
49 ქულით ფასდება Volvo-ს ავტომობილების საიმედობაც. ბრენდი დღემდე ინარჩუნებს მაღალ რეპუტაციას უსაფრთხოების ინოვაციისა და ხარისხის მიმართულებით, რაც მეორადი ავტომობილების ბაზარზე Volvo-ს ერთ-ერთ საიმედო ბრენდად აქცევს.
თუ დახვეწილი ინტერიერის ავტომობილს ეძებთ, მაგრამ Cadillac-ისა და Lincoln-ის ღირებულება თქვენს ბიუჯეტს აღემატება, მეორადი Buick საიმედოობის რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს და ფუფუნების ბრენდების კარგ ალტერნატივას წარმოადგენს. 53-ქულიან შეფასებას Buick-ის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული დაბალი ფასიც განაპირობებს.
რეიტინგის ხუთეულს Acura ხსნის, რომელიც Honda შვილობილი კომპანიაა და თავისი მოდელებით სწორედ ჰონდას გაუმჯობესებულ ალტერნატივას წარმოადგენს. Acura-ს ბრენდი ძირითადად SUV-ის ტიპის ავტომობილებს აწარმოებს, რომელთა საიმედობაც მეორეულ ბაზარზე 55 ქულითაა შეფასებული.
Honda ავტომობილების ბაზარს ხელმისაწვდომ, სანდო და ეკონომიურ მოდელებს სთავაზობს. კომპანიის HR-V და CR-V მოდელები ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების სტატუსს, ფაქტობრივად, არ თმობენ. მისი რეპუტაცია, მფლობელის კმაყოფილების დონე და მოვლა-პატრონობის ხარჯები Honda-ს 56 ქულასა და მეოთხე ადგილს ანიჭებს.
ხელმისაწვდომი, ელეგანტური, მარტივი – ამ სიტყვებით აფასებენ Consumer Reports-ის წევრები Mazda-ს ავტომობილებს. ბრენდი საიმედოობის ვერდიქტით 63 ქულას იმსახურებს და მეორეული მანქანების ბაზარზე მესამე ადგილზეა.
74 ქულით ფასდება Toyota-ს გამორჩეული რეპუტაცია, რომელიც ბრენდმა თავისი მრავალწლიანი გამოცდილებითა და საიმედოობით დაიმსახურა. Toyota-ს მოდელების უმრავლესობა კომფორტის, ეკონომიისა და ხარისხის კატეგორიებში მომხმარებელთა მაღალ შეფასებებს იმსახურებს, რაც მეორეულ ბაზარზე ბრენდს გამორჩეულ უპირატესობას ანიჭებს.
მეორად ბაზარზე ყველაზე საიმედო ბრენდის წოდება Lexus-მა დაიმსახურა, რომელიც თავის მოდელებში კომფორტისა და ტექნოლოგიური ინოვაციის დაბალანსებულ მიქსს დებს. 81 ქულით Lexus-ის 2015-2020 წლის მოდელები ავტომფლობელებმა ყველაზე საიმედო მეორად ავტომობილებად შეაფასეს.