აზიის ქვეყნებში COVID-ის შემთხვევები იზრდება – რა არის ახალი JN.1 ვარიანტი?

აზიის ქვეყნებში COVID-ის შემთხვევები იზრდება – რა არის ახალი JN.1 ვარიანტი?
აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით სინგაპურში, ჰონკონგში, ჩინეთსა და ტაილანდში COVID-19-ის ახალი შემთხვევები იზრდება. კორონავირუსის ახალი ვარიანტი, JN.1 ომიკრონის ქვეშტამია, რომელიც რეგიონში სწრაფად ვრცელდება. Covid-ის ახალ ტალღაზე საუბრობენ ინდოეთშიც, სადაც JN.1 200-მდე პაციენტში დაფიქსირდა.

სინგაპურში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კოვიდის 14 200 შემთხვევა დაფიქსირდა, მანამდე, წინა კვირის განმავლობაში კი – 11 100. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები კი 30%-ით გაიზარდა.

უცნობია JN.1-ის შემთხვევების რაოდენობა ჰონკონგში, თუმცა ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების დონე “საკმაოდ მაღალია”. მათივე ცნობით, ერთ კვირაში Covid19-ით გარდაცვალების 31 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 12 თვის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

JN.1 Ba.2.86-შტამის ახალი ვერსიაა, რომელიც პირველად 2023 წლის ბოლოს აღმოაჩინეს. მას შემდეგ ვირუსი როგორც აზიის ქვეყნებში, ასევე დიდ ბრიტანეთშიც გავრცელდა. JN.1-ს სხვა ვარიანტებისგან პეპლომერულ ცილაში განსაკუთრებული მუტაცია გამოარჩევს, რაც ვირუსს მარტივი გავრცელებისა და ვაქცინით მიღებული იმუნიტეტისთვის თავის დაღწევის საშუალებას აძლევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ JN.1 ინტერესის საგნად მოინიშნა და დაავადების მიმდინარეობას აკვირდება. მათი ცნობით, ახალი ვარიანტი ავადობის უფრო მწვავე ნიშნებს არ ავლენს, ვიდრე სხვა ვარიანტები. JN.1-ის ინფექცია მსუბუქიდან საშუალო სიმძიმით კლასიფიცირდება, სიმპტომები კი ომიკრონის შტამის მსგავსია: ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურა, სისუსტე და სურდო.

Covid19-ით ინფიცირების მატებამ ვაქცინებისა და ტესტების მწარმოებელი კომპანიათა აქციის ღირებულებებიც გაზარდა. მაგალითად, სამხრეთ კორეაში ვირუსის დიაგნოსტიკური ნაკრების მწარმოებელი Sugentech Inc.-ის აქციები 29%-ით გაძვირდა, იაპონური ვაქცინების მწარმოებლის, Daiichi Sankyo-სი კი – 7.3%-ით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *