“ალბათ, ცოტა დრო დამჭირდება ამ ამბის გასააზრებლად” – დევიდ ბექჰემს რაინდის წოდება მიენიჭა

“ალბათ, ცოტა დრო დამჭირდება ამ ამბის გასააზრებლად” – დევიდ ბექჰემს რაინდის წოდება მიენიჭა
ლეგენდარული ინგლისელი ყოფილი ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი მეფე ჩარლზმა სპორტში და ქველმოქმედებაში გაწეული ღვაწლისთვის რაინდად აკურთხა.

50 წლის ყოფილ სპორტსმენთან ერთად რაინდის წოდება მიენიჭათ ოსკაროსან მსახიობ გარი ოლდმანსა და ლეგენდარულ როკ ჯგუფ The Who-ს ფრონტმენ როჯერ დოლთრის, მეფის დაბადების დღის საპატიო სიის ფარგლებში, რომელიც აღიარებს გამორჩეულ ინდივიდებსა და მათ წვლილს ბრიტანულ საზოგადოებაში.

ამიერიდან ბექჰემს ოფიციალურად ეწოდება “სერ დევიდ ბექჰემი”, ხოლო მის მეუღლეს — “ლედი ვიქტორია ბექჰემი”.

ბექჰემმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა:

„დასავლეთ ლონდონში გაზრდილს, მშობლებისა და ბებია-ბაბუის მეშვეობით, რომლებიც საოცრად პატრიოტები იყვნენ და ამაყობდნენ ბრიტანელობით, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასეთი გულწრფელად თავმდაბალი პატივი მერგებოდა. ჩემთვის ყველაზე დიდი პრივილეგია კარიერაში იყო ის, რომ საკუთარი ქვეყნის სახელით ვითამაშე და ეროვნულ ნაკრებს ვუკაპიტნე — ეს იყო ბავშვობის ოცნების ასრულება. მოედნის მიღმაც, გამიმართლა, რომ მქონდა შესაძლებლობა წარმომედგინა ბრიტანეთი მსოფლიოს გარშემო და მემუშავა საოცარ ორგანიზაციებთან, რომლებიც ეხმარებიან საჭიროების მქონე საზოგადოებებს და შთააგონებენ მომავალ თაობებს. მადლიერი ვარ, რომ დამიფასდა ჩემი წვლილი. ალბათ ცოტა დრო დამჭირდება ამ ამბის გასააზრებლად, მაგრამ წარმოუდგენლად ამაყი ვარ და ძალიან ემოციური მომენტია ეს ჩემს ოჯახთან გასაზიარებლად“, — აღნიშნა დევიდ ბექჰემმა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მოთამაშე ინგლისის სახელით 115-ჯერ გამოვიდა მოედანზე, საიდანაც 59 შეხვედრაში კაპიტნის რანგში იასპარეზა.

ბექჰემი UNICEF-ის ელჩი 2005 წელს გახდა და 2024 წელს King’s Foundation-ის ელჩიც გახდა — ფონდის, რომელიც მეფე ჩარლზმა 1990 წელს დააარსა.

შეგახსენებთ, რომ 2003 წელს ბექჰემი დაჯილდოვდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცრის წოდებით (OBE) — დედოფალ ელიზაბეტ II-ის მიერ. The Guardian-ის ცნობით, ბექჰემი პირველად რაინდობის ტიტულზე 2011 წელს წარადგინეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *