ალექსანდრე წულაძე: დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი

ალექსანდრე წულაძე: დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი

ოცნების ხელისუფლების განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ზოგადი განათლების ახალი ხედვა წარადგინა. მისი თქმით, ამ ახალი ხედვის ფარგლებში დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება. “ალექსანდრე წულაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეებს განუვითარდეთ ყველა ის საჭირო უნარი და კომპეტენცია, რაც მათ თვითრეალიზაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა STEAM მიმართულების გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებას ყველა საფეხურზე, სკოლების აღჭურვას საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, STEAM კლუბების, ოლიმპიადებისა და კონკურსების მხარდაჭერას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოში არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გაძლიერების მიმართულებით. მისი თქმით, აღნიშნული სკოლების ინტელექტუალური რესურსი გამოყენებული იქნება სხვა სკოლებში ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებისთვის. ხედვის თანახმად, ჰუმანიტარული მიმართულების გაძლიერების მიზნით, ლიტერატურისგან დამოუკიდებლად, ცალკე დამტკიცდება ქართული ენის სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას. ამასთან, აქცენტი გაკეთდება არაქართულენოვან სკოლებში ბილინგვური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე. ჰუმანიტარული განათლების ხელშეწყობა კიდევ უფრო გააღრმავებს მოსწავლეებში პატრიოტულ ღირებულებებსა და ეროვნულ ფასეულობებს. შეიცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა, რაც გულისხმობს მოსწავლეებისთვის ორი მიმართულების შეთავაზებას. ერთის მხრივ მათ საშუალება ექნებათ, სწავლა გააგრძელონ აკადემიური კუთხით და ისწავლონ მათთვის საინტერესო საკითხები ინტენსიურად. მეორეს მხრივ, პროფესიული მიმართულების არჩევის შემთხვევაში, ინტეგრირებული პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა და ატესტატთან ერთად, პროფესიული დიპლომი მიიღონ. ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო და ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც საგნობრივი ექსპერტები, მასწავლებლები და ფსიქოლოგები, ასევე, მშობლები და ყველა დაინტერესებული მხარე, რაც პროცესს მეტად გამჭვირვალესა და ინკლუზიურს გახდის. დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება. ხედვის პრეზენტაციაზე საუბარი ასევე შეეხო სასწავლო პროცესის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობას, რაც გულისხმობს მრავალფეროვანი პლატფორმების შეთავაზებას. მათ შორის, მასწავლებლის პროფესიული ზრდის ელექტრონული პლატფორმის, იგივე, E სახლის, სწავლის პროცესის მართვის სისტემისა და ელექტრონული ჟურნალის განვითარებას. პლატფორმები მოგვცემს საშუალებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და სასწავლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა. რაც შეეხება მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, ამ მიმართულებით სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული სქემის შექმნაზე, რომელიც საზოგადოებას ზაფხულში წარედგინება”, — ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *