ალექსანდრ ლუკაშენკო ჩინეთში ჩავიდა

ალექსანდრ ლუკაშენკო ჩინეთში ჩავიდა
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტს მისი ჩინელი კოლეგა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე, სი ძინპინი უმასპინძლებს. ლიდერები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, ერთობლივ პროექტებზე, მრავალმხრივ ინიციატივებზე და მსოფლიოში არსებული ვითარებაზე ისაუბრებენ. ალექსანდრ ლუკაშენკო სხვა მაღალჩინოსნებსაც შეხვდება.

როგორც ჩინეთში ბელარუსის ელჩმა, ალექსანდრ ჩერვიაკოვმა მედიასთან განაცხადა, პრეზიდენტის ვიზიტს რამდენიმე ძირეული მიზანი აქვს, რომელთა აღსრულებისთვის ქვეყნები, სხვადასხვა დიპლომატიურ დონეზე, მრავალი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ. ელჩის თქმით, ბელარუსს ეკონომიკის განახლება და გაციფრულება სურს, რაც სწორედ ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებით ესახება. ჩინეთთან ერთად ბელარუსი ასევე განავითარებს მრეწველობის, მეტყევეობის და ქიმიური წარმოების სექტორებს.

ბელარუსისთვის, ისევე, როგორც ფაქტობრივად ყველა ქვეყნისთვის, ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. 2025 წელს ქვეყნების საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $8.6 მილიარდი შეადგინა და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ბელარუსიდან ჩინეთში ექსპორტმა 18%-ით იმატა, ხოლო მთავარ საექსპორტო საქონელს შორის ვხვდებით საკვებს, სასუქებს და ხე-ტყეს.

ალექსანდრ ლუკაშენკო, ისევე, როგორც სი ძინპინი, ქვეყნებს მრავალი წელია ხელმძღვანელობენ და ერთმანეთს კარგად იცნობენ, რადგან სხვადასხვა ფორმატში ერთმანეთს არაერთხელ შეხვედრილან. ოფიციალური მონაცემებით, ლიდერებს შორის ჯამში 19 შეხვედრა გაიმართა, როგორც უშუალოდ ქვეყნების დედაქალაქებში, ასევე სხვადასხვა ფორუმზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *