ასოციაციის რიგით 26-ე ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ჰაერის ხარისხი უარესდება. გასული წლის მონაცემებთან შედარებით, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ჰაერის დაბინძურების მაღალი დონით გამორჩეულ დასახლებებში ცხოვრობენ, 2021-23 წლებში 25 მილიონით გაიზარდა. ასოციაციის ცნობით, ჰაერის ხარისხზე გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება, მაღალი ტემპერატურა, გვალვა და ხანძრის გახშირებული შემთხვევები.
ასოციაცია ეყრდნობა ჰაერის ხარისხის ადგილობრივ მონაცემებს და დასახლებებს, როგორც ოზონის დაბინძურების, ასევე მყარი ნაწილაკებით დღიური და წლიური დაბინძურების ნიშნულებით აფასებს. როგორც ბოლო კვლევით გამოიკვეთა, სამივე კატეგორიაში ყველაზე კრიტიკული შედეგები კალიფორნიის ქალაქებში, ვისალიასა და ბეიკერსფილდშია. მაღალია ოზონით დაბინძურების დონე ლოს-ანჯელესშიც. საპირისპიროდ, მეინის შტატის ქალაქი ბენგორი, სამივე კატეგორიაში ყველაზე სუფთა დასახლებად დასახელდა.
ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკს ზრდის და ისეთ გართულებებს იწვევს, როგორებიცაა ასთმური შეტევა, გულის შეტევა და ინსულტი. მყარი ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია ზრდის ფილტვის კიბოს რისკებსაც.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტი, ჰაროლდ ვიმერი აცხადებს, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოში, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით სამუშაო ძალის შემცირება, დაფინანსების გაყინვა და პროგრამების გაუქმება მოქალაქეებს ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ უფრო მოწყვლად ხდის. ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო რეგულაციების, პოლიტიკისა და პროგრამების გაუქმებაა.