ამ პროცესს აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარი მრჩეველი, კერი ლეიკი ხელმძღვანელობს, რომელმაც განაცხადა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინებები მაუწყებლის 639 თანამშრომელს გაეგზავნებოდა, რაც მისი თქმით, „დიდი ხნის ნანატრი“ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც „გაბერილი, უპასუხისმგებლო ბიუროკრატიის“ შემცირებას ისახავს მიზნად.
ცნობისთვის, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM) „ამერიკის ხმას“, „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფედერალური მთავრობის მიერ დაარსებულ სხვა უცხოურ მაუწყებლობებს ზედამხედველობს.
ლეიკის თქმით, „ამერიკის ხმაში“, რომელსაც ერთ დროს მთელ მსოფლიოში ათასობით სრულ და ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ჟურნალისტი ჰყავდა, ბოლო გადაწყვეტილების შედეგად რეპორტიორების, რედაქტორებისა და პროდიუსერების საერთო რაოდენობა 300-ზე ნაკლებ ადამიანამდე შემცირდება.
„ეს არის პასუხისმგებლიანი მმართველობის ნათელი მაგალითი, რომელიც ამცირებს ხარჯებს, აღადგენს ანგარიშვალდებულებას და ასრულებს დაპირებას, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელებს პირველ ადგილზე დააყენებენ“, – განაცხადა ლეიკმა და დასძინა, რომ მისი ხედვა „ამერიკის ხმის“ მიმართ არის ის, რომ მაუწყებელმა უზრუნველყოს „ზუსტი“ და „გულწრფელი“ გაშუქება.
„ამერიკის ხმის“ მიმართ ლეიკის ქმედებებმა მაუწყებლის თანამშრომლების გაღიზიანება გამოიწვია.
ცნობისთვის, ლეიკი მომავალ კვირას ჩვენების მიცემას გეგმავს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს საკითხს განიხილავს.