სააგენტო “ქართული ოცნების” მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში შექმნა. ახალი სსიპ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის მიზნით შეიქმნა.
სწორედ გრანტის გაცემის საკითხს ეხებოდა ჩვენი კითხვებიც. კერძოდ, როდის გამოცხადდება საგრანტო პროექტები; სააგენტო მხოლოდ მისთვის გამოყოფილ 20 მლნ ლარს დახარჯავს თუ გეგმავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასაც, მაშინ როგორ წარმოუდგენიათ ეს თანამშრომლობა ახალი ე.წ “გრანტების კანონის” პირობებში. ამ და სხვა კითხვებით სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს 16 ივნისს მივმართეთ.
“მოგახსენებთ, რომ სააგენტო ამჟამად იმყოფება ფორმირების ეტაპზე. შესაბამისად, დღეისათვის მოკლებული ვართ შესაძლებლობას სრულყოფილად გაგცეთ პასუხი თქვენს კითხვებზე. უახლოეს მომავალში სააგენტო უზრუნველყოფს მისი ფუნქციის სრულყოფილად განხორციელებას”, – აცხადებენ უწყებაში.
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად 22 აპრილს თამარ ზოდელევა დაინიშნა. მისი ხელფასი თვეში 10 585 ლარი იქნება. 13 მაისს დამტკიცებული დოკუმენტით, წელს 8 თვეში სსიპ-ს 510 200 ლარი გამოეყო. აქედან 253 200 ლარი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება.
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიზნით შეიქმნა. როგორც ცნობილია, გრანტის მართვის სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება. სააგენტომ ის ორგანიზაციები უნდა დააფინანსოს, რომელთა “საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან”.