ანაკლიაში მდებარე სასტუმრო „თეთრი სახლი ანაკლიაში“ 35%-იანი დატვირთვით მუშაობს. როგორც მისმა დამფუძნებელმა მარინა თოდუამ Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, წლევანდელ სეზონზე სასტუმრო 10 ივნისს გაიხსნა და ამჟამად, ძირითადად სტუმრების ადგილობრივები შეადგენენ. თუმცა არიან უცხოელებიც.
„ზოგადად, უცხოელებიც გვყავს ხოლმე, მეტწილად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ასევე იყვნენ გერმანელები და პოლონელებიც. სხვათა შორის, წელს უფრო მეტი უცხოელია ამ პერიოდში, ვიდრე გასულ წელს იყო. რაც შეეხება აზიურ ქვეყნებს, ჩვენთან ამ რეგიონიდან არ ყოფილან“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ივნისის პერიოდში ანაკლიას ძირითადად სტუმრები რამდენიმე დღით სტუმრობენ, მაშინ როცა ივლის-აგვისტოში უფრო ხანგრძლივად დასასვენებლად ჩადიან.
„ჩვენთან ამ პერიოდში სტუმარი რამდენიმე დღით გვსტუმრობს, საუბარია ისეთ ვიზიტორებზე, რომლებიც ათვალიერებენ საქართველოს, მანქანებით მოგზაურობენ, ჩვენთან არიან რამდენიმე დღე, შემდეგ სვანეთში და რაჭაში მიდიან და ა.შ. ამასთან, ივნისის თვეში, ძირითადად, სკოლის კურსდამთავრებულებს ვმასპინძლობთ“, – აღნიშნა მარინა თოდუამ.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონის პროგნოზს, სასტუმროს დამფუძნებელი ამბობს, რომ დადებითი მოლოდინი აქვთ, მით უმეტეს, თუ ანაკლიაში წელსაც ჩატარდება ელექტრონული მუსიკის ფესტივალი.
„ეს ფესტივალი უფრო მეტად შემოსავლიანია, ვიდრე სხვა კონცერტები, ვინაიდან ამ დროს ანაკლიაში ბევრი სტუმარი ჩამოდის“, – აღნიშნა მან.
„თეთრი სახლი ანაკლიაში“ უკვე 14 წელია ოპერირებს. ორკაციანი ნომერი 80-100 ლარის ფარგლებში ღირს. მარინა თოდუას თქმით, წელს ფასები არ გაუზრდიათ.
„სტაბილურად ვიჭერთ ფასს, ვინაიდან არ ვართ განებივრებული… როცა მოთხოვნა იმდენი არ არის, იძულებული ვართ, შევინარჩუნოთ“, – დასძინა მან.