კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა, რომ ბაჩიაშვილი მართლაც იმ ბიზნესგარიგების ნაწილი ყოფილიყო, რომ ის გაიცვალა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის არჩევნებში ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის და გაერთიანებული საამიროების კანდიდატისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ, ამსტერდამი ამბობს, რომ ისინი არ აპირებენ სპეკულირებას იმ საკითხებთან მიმართებით, რაც ზუსტად არ იციან და რის ფაქტებსაც არ ფლობენ.
„მინდა, ძალიან მკაფიო ვიყო ამ ნაწილში. ჩვენ არ ვაპირებთ სპეკულირებას იმ საკითხებთან მიმართებით, რაც ზუსტად არ ვიცით და რის ფაქტებსაც არ ვფლობთ. ამ ეტაპზე მთავარი ფაქტი ის არის, რომ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩადენილია კრიმინალი. მასში ჩართული ადამიანები უნდა წავიდნენ ციხეში. ჩვენ ჩვენს გამოძიებასაც ვაწარმოებთ. ბატონ ბაჩიაშვილს ადვოკატების დიდი გუნდი ჰყავს საქართველოში, ჩვენთვის პრივილეგიაა მათთან მუშაობა. ჩვენ ადვოკატები ვართ. ჩვენ გამოვიძიებთ ამ საქმეს და ვიმოქმედებთ ფაქტების შესაბამისად“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, 13 მაისს ონლაინგამოცემა The Diplomat-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარს აღარ დაუჭერდა. გამოცემა ამ ამბავს „შოკისმომგვრელ პოლიტიკურ მანევრად“ აფასებდა და წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევისთვის მხარდაჭერის ნაცვლად საამიროების კანდიდატისთვის მხარდაჭერა, შესაძლოა, ფარული შეთანხმების ნაწილი ყოფილიყო.