ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, ავტობუსში 76 წლის კაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 38 წლის ქართველი, სახელად — სიმონი დააკავეს. ინფორმაციას Gazet van Antwerpen დაკავებულის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი მედია წერს, რომ მამაკაცი ეჭვმიტანილია კიდევ ერთი ადამიანის მკვლელობის მცდელობაში. GVA-ის ცნობით, მან იმავე დღეს ქურდობაც ჩაიდინა. “ორშაბათს შუადღისას, დაახლოებით ორის ნახევრზე, პოლიციამ მიიღო სასწრაფო ზარი ანტვერპენის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი დანით დაჭრის შესახებ (პოლიციამ უკვე მიიღო რამდენიმე შეტყობინება ავტობუსში საეჭვო ქცევის შესახებ). როგორც ამბობენ, 38 წლის ქართული წარმოშობის მამაკაცმა ლუი პოლ ბუნსტრაატისა და ერნესტ კლესტრაატის გზაჯვარედინზე ავტობუსში 76 წლის მამაკაცი დაჭრა. სასწრაფო დახმარების სამსახურების პირველი მცდელობის მიუხედავად, მსხვერპლი ადგილზე გარდაიცვალა,” — განაცხადა ანტვერპენის პროკურატურის პრესსპიკერმა, კატო ბელმანსმა. მისივე თქმით, დაკავების შემდეგ, “ეჭვმიტანილი სამედიცინო ანალიზისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ფსიქიატრმა გასინჯა”. Gazet van Antwerpen-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს, რომელსაც ბელგიაში მისამართი არ აქვს, გამომძიებელი მოსამართლის მიერ დაკითხვისას ქართველი თარჯიმანი ეხმარებოდა. როგორც ამბობენ, მამაკაცმა გუშინ ღამით პოლიციას განუცხადა, რომ ნიდერლანდებში ქართველი ლტოლვილის სტატუსით იმყოფება, თუმცა ეს დოკუმენტურად არ დასტურდება. გამომძიებელმა მოსამართლემ მამაკაცს სამშაბათს შუადღისას მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ეჭვმიტანილის ბრალდებით დაპატიმრების ორდერი გაუგზავნა. ის პარასკევს საბჭოს პალატის წინაშე წარდგება.
ანტვერპენში ავტობუსში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 38 წლის ქართველი კაცი დააკავეს
