ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მიმდინარე წელს არასრული 4 თვის განმავლობაში ვაჭრობამ 7 ათასი მეგავატ საათი შეადგინა, რაც წინა ნახევარი წლის ვაჭრობის დაახლოებით 40%-ია. ირაკლი გალდავა აცხადებს, რომ მაის-ივნისში, წყალუხვობის პერიოდში ბირჟის მეტად გააქტიურებაა მოსალოდნელი.
“მისი ამოქმედებიდან ბირჟაზე ვაჭრობა იყო მინიმალური, წინა წლის მეორე ნახევრის დაახლოებით 0,2%-ის ფარგლებში. დაახლოებით მსგავსი ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წელსაც. აპრილში შედარებით მეტად გააქტიურდა ვაჭრობა, თუმცა მასშტაბები არის შედარებით მცირე, როგორც ეს მოსალოდნელი იყო და მაისი-ივნისის პერიოდში, როდესაც არის წყალუხვობა, შესაძლებელია შეთავაზებული ელექტროენერგიის რაოდენობა და მყიდველების აქტიურობაც გაიზარდოს.
წინა წელს ბირჟაზე მოხდა დაახლოებით 17 მილიონი კილოვატ-საათის ვაჭრობა 6 თვის განმავლობაში, მიმდინარე წლის არასრული 4 თვის განმავლობაში ბირჟაზე ვაჭრობამ შეადგინა დაახლოებით 7 ათასი მეგავატ საათი, რაც არის წინა წლის 6 თვის დაახლოებით 40%. სავარაუდოდ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ნავაჭრი რაოდენობა იქნება მეტი, ვიდრე იყო გასული წლის მეორე ნახევარში, თუმცა ბაზრის არსებული მოდელის სტრუქტურის და საჭიროებიდან გამომდინარე ეს არ იქნება მნიშვნელოვნად დიდი რიცხვები“,- აცხადებს ირაკლი გალდავა.
მისი თქმით, საბალანსო ბაზრის ამოქმედების შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 1 ივლისიდან არის დაგეგმილი, გაჩნდება მეტი მოტივაცია ბაზრის მონაწილეებმა ყიდვა/გაყიდვის ოპერაციები ბირჟის პლატფორმაზე განახორციელონ.
„საჭიროება ბირჟის დგება უფრო მეტად, როდესაც მონაწილეებს უჩნდებათ დაბალანსების ვალდებულება. მე თუ ვიცი, რომ თუ ჩემი ნავაჭრი ელექტროენერგია არ დაემთხვა ჩემს მოხმარებას ან წარმოებას და ამის გამო მე შეიძლება დამეკისროს ფინანსური ზიანი, რა თქმა უნდა მე შევეცდები ეს პოზიცია გავასწორო, შევიდე ბირჟაზე, ვიყიდო ან გავყიდო ელექტროენერგია. ვიდრე ეს არ მაქვს, რეალურად ბირჟა გამოდის ორმხრივი ხელშეკრულების ალტერნატივა, არა შემავსებელი, არამედ უკვე ალტერნატივა.
თუ არჩევანი მაქვს ვიყიდო/გავყიდო ბირჟაზე, თუ ორმხრივი ხელშეკრულებით, რაღაც ნაწილში არის ჩამნაცვლებელი, მაგრამ ძირითადი მიზანი ბირჟის არის შეავსოს ის, რასაც ვერ აკეთებს ორმხრივი ხელშეკრულებები. ბიძგი და მოტივატორი ამის იქნება საათობრივ დაბალანსებაზე პასუხისმგებლობა. როცა მონაწილეებს ექნებათ საათობრივ დაბალანსებაზე პასუხისმგებლობა მათ ბუნებრივად გაუჩნდებათ მოტივაცია იყიდონ ან გაყიდონ ელექტროენერგია მოკლევადიან ბაზარზე, დღით ადრე ან დღიურ ბაზრებზე“,- აცხადებს ირაკლი გალდავა.
რა მოდელით გააგრძელებს ენერგეტიკული ბირჟა მუშაობას ან ხომ არ გადავადდება მისი სრულყოფილი გახსნა, ამაზე ზუსტი პასუხი დღეს არ არსებობს. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, რა მოდელით გააგრძელებს მუშაობას ბირჟა და არც იმას ადასტურებს, რომ მისი გახსნის გადავადებაზე მიდის საუბარი.