აპრილში სოცშემწეობის მიმღებთა რიცხვი 702 ათასამდე გაიზარდა

საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია – ACTR-ის კვლევა
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აპრილში საარსებო შემწეობა 701 816 ადამიანმა მიიღო წინა თვესთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 1346-ით გაიზარდა. აქედან 235 ათასზე მეტი პირი სამინისტროს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით არის მოსარგებლე. აპრილში ამ ადამიანების დახმარებაზე ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

მიზნობრივი სოციალური დახმარება, იგივე საარსებო შემწეობა, სიღარიბესთან საბრძოლველად გაიცემა. დახმარების მიზანია ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის შემცირება. 2021 წლიდან მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობამ გადაწყვიტა სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილები შეექმნა. საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელით ცნობილი სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა.

პროგრამის პირობების მიხედვით, თუკი არაფორმალურად დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები ჩაერთვებიან დასაქმების პროგრამაში, მათ ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნებენ საარსებო შემწეობას და დამატებით ყოველთვიურად 300 ლარსაც მიიღებენ. პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით ჯამში სახელმწიფოს 39 707 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული, თითქმის 33 ათასმა სოციალურად დაუცველმა კი საკუთარი სამსახური ლეგალური გახადა. საქსტატის ინფორმაციით, შარშან სახელმწიფოსგან შემწეობას მოსახლეობის 18% იღებდა, რაც 2023 წელთან შედარებით 0.4%-იანი ზრდაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *