ნიკა გილაურის ფონდის განცხადებით, მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მათი საქმიანობა ყოველთვის გამჭვირვალე იყო.
“მეგობრებო,
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და დააყადაღა რამდენიმე ფონდი, მათ შორის ჩვენი ფონდი, გვინდა კიდევ ერთხელ დამატებით გაგიზიაროთ ინფორმაცია ფონდ „ფროსფერითი ჯორჯიას“ შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ფროსფერითი ჯორჯია“ დაარსდა 2024 წლის 12 აგვისტოს, რომლის მიზანი იყო რეგიონული სუბიექტების მხარდაჭერა სხვადასხვა ბიზნეს პროექტების შემუშავებაში.
საქართველოში შექმნილი კრიზისის გამო, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია გადაერთო ქველმოქმედებაზე. ფონდის მთავარი მიზანი გახდა იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ამ მძიმე პერიოდში ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფონდის მიზნები გაცხადებული იყო მაშინვე, როდესაც ორგანიზაციამ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და ეს პროცესი იყო ცნობილი როგორც საზოგადოებისთვის, ისე ყველა შესაბამისი უწყებისთვის, მათ შორის პროკურატურისთვის.
პროკურატურის მხრიდან მინიშნებაც კი არ ყოფილა, რომ ფონდების საქმიანობას დანაშაულებრივ ჭრილში განიხილავდა.
ორგანიზაცია უკვე ოთხი თვეა მუშაობს იმ მიზნების ფარგლებში რა მიზნებიც, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი – თებერვლის მეორე ნახევრიდან ჩაითვალა დაყადაღების საფუძვლად.
ის განცხადებები, რომ თითქოს ფული სხვა მიზნებს ხმარდებოდა არის სრული ტყუილი!
არავითარი კანონი ჩვენ არ დაგვირღვევია, ყველა ლარი და ძალისხმევა მიმართული იყო გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად – ეს იყო ჩვენი მისია და ამით ვამაყობთ!
საქართველოში გასაჭირში მყოფთა გვერდში დგომა ვერ აიკრძალება!
მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ფონდი ყოველთვის იყო გამჭვირვალე და რეგულარულად აქვეყნებდა დეტალურ ანგარიშებს საქმიანობის შესახებ.
აქვე, კიდევ ერთხელ გაგაცნობთ ფინანსურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს ფონდის საქმიანობას დასაწყისიდან ვიდრე დაყადაღებამდე, 2024 წლის 6 დეკემბრიდან 2025 წლის 14 მარტამდე:
- შემომწირველთა რაოდენობა: 559 იურიდიული და ფიზიკური პირი
- სულ შემოსული სახსრები: 1 246 622 ლარი
- სულ გაცემული სახსრები: 941 995 ლარი
- დახმარება გაეწია: 351 მოქალაქეს
- გადახდილი გადასახადები: 226 615 ლარი
- შემოწირული თანხების 97% შემოიტანეს რეზიდენტმა კომპანიებმა და მოქალაქეებმა.
- შემოწირული თანხების 3% შემოვიდა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეების შემოწირულობებით. (გერმანიაში ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტი, ემიგრანტები ამერიკიდან)
- შემოწირული სახსრების 41% შემოვიდა საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკიდან – „თიბისი ბანკიდან“ და „საქართველოს ბანკიდან“, რომლებთანაც ფონდმა გააფორმა ბენეფიციარების დაფინანსების მემორანდუმი, გაცხადებული მიზნების ფარგლებში
ფონდის ბენეფიციარები:
- სამედიცინო, იურიდიული და ფინანსური დახმარება მიიღო 351-მა მოქალაქემ;
- 20 დაშავებულ მომიტინგეს ჩაუტარდა მკურნალობა, მათ შორისაა სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი ოპერაციები;
- გადახდილია 160 ადმინისტრაციული ჯარიმა;
- პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ 127 საჯარო მოხელეს გაეწია ფინანსური დახმარება;
- დაკავებულთა 44 ოჯახმა მიიღო ფინანსური დახმარება
ფონდის მიზნები: (ორგანიზაციის წესდებაში გათვალისწინებული)
- საპროტესტო მოძრაობის დროს დაშავებულთა მკურნალობა, რეაბილიტაცია და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
- მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს დაკავებულთა ოჯახების ფინანსური დახმარება;
- მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს ფიზიკურ პირებზე დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა;
- პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოსამსახურეების ფინანსური მხარდაჭერა”,- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
17 მარტს საქართველოს პროკურატურამ ა(ა)იპ „ნანუკას ფონდის“; ა(ა)იპ „ფროსფერითის“; ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის; ა(ა)იპ „სირცხვილიას“ და ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ანგარიშები დააყადაღა.