დავითაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა რომ საკითხზე ინფორმაცია აშშ-ის ელჩს გასულ წელსაც და ახლაც მიაწოდეს, მაგრამ არაზუსტი განცხადებები მაინც კეთდებოდა. როგორც დავითაშვილი ამბობს, ის რომ ელჩს ინფორმაცია მიაწოდეს, ეს არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია მყისიერად ყველა პოლიტიკოსს გააჩნია.
მიუხედავად ყველაფრისა დავითაშვილი ამტკიცებს რომ ანაკლიის პორტის პროექტი დინამიურად და პოზიტიურად წინ მიდის და ძალიან დიდი ფოკუსი იმაზე, თუ ვინ იქნება კერძო პარტნიორი, გადამეტებულია.
“საფრთხეებზე და პოტენციურ საფრთხეებზე საუბარი რომელიც ამ განცხადებებშია აზრს მოკლებულია. ეს განცხადებები ისე კეთდება, რომ საკმარისი ინფორმაცია არ არის მოძიებული. საელჩოსთან გვქონდა საუბარი და საელჩოს გააჩნია სრული ინფორმაცია, რომ აქ არანაირ საფრთხეზე არ შეიძლება საუბარი, პირიქით ეს არის ინტერესები.
რა შეეხება შერჩევითი ეტაპის სტატუსს, ეს არ არის მარტივი პროცესი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოლოდინი იყო ძალიან რეალისტური და ამაზე საუბრობდნენ ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები, ეს არის ჰოლანდიური და ინგლისური საკონსულტაციო კომპანიები, ჩვენ ამიტომ დავიწყეთ პარალელური პროცესი პორტის განვითარების და მშენებლობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო იმისთვის, რომ ჩვენ დროში არ გვქონდეს დაგვიანება, პარალელურად ვქმნიდეთ ინფრასტრუქტურას და შევარჩიოთ პარტნიორი მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ხარისხიანად. ერთია, რომ შეარჩიო, გამოავლინო პარტნიორი და მერე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რა პირობებით იმუშავებს ეს პარტნიორი სახელმწიფოსთან ერთად. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი არის გრძელი. გვყავდა ფინალისტი კომპანია, კონსორციუმი, ეს არის ჩინურ-სინგაპურული.
ამ კონსორციუმიდან ჩვენ მივიღეთ წინადადებები, თუმცა წინადადებებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კითხვები და დაზუსტება, რის გამოც რამდენჯერმე იყო გადადების თხოვნა, რადგან თითოეული დაზუსტების დროს კომპანიას სჭირდება დამაზუსტებელი ინფორმაციის მომზადება და წარდგენა. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი გადადებულია. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მიცემული დამატებითი ვადა. ამ დამატებით ვადაში მიიღებთ წინადადებებს და იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად შესაბამისი იქნება ეს წინადადებები იმ წინასწარ მოთხოვნებთან, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ ელჩს ჯერ კიდევ გასულ წელს. სამწუხაროა, რომ ამ პერიოდში მაინც კეთდებოდა განცხადებები, რომლებიც არ იყო ზუსტი. ჩვენ ახლაც მივაწოდეთ ელჩს ინფორმაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ინფორმაცია მყისიერად ყველა პოლიტიკოსს გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურმა სტრუქტურებმა მიიღეს ობიექტური ინფორმაცია და მათ ობიექტურად და პროფესიონალურად შეაფასონ ეს ინფორმაცია. ჩვენ ამის იმედი გვაქვს.
მიუხედავად ამდენი სპეკულაციისა, სამწუხაროდ, ეკონომიკური პროექტი გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, დიდი პოლიტიკის ობიექტივში მოექცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს პროექტი ვითარდება ძალიან დინამიურად, პოზიტიურად.
ჩვენ გვაქვს ადეკვატური მოლოდინები, მათ შორის, დროსთან მიმართებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაცხადებული რაც იყო, ეს არის ის დრო, რა დროსაც პორტი შეძლებს ამოქმედებას. პირველი ფაზა, ეს არის მრავალფაზიანი განვითარების პროცესი, წარიმართება აბსოლუტურად წარმატებით. სამშენებლო პარტნიორი შერჩეული გვყავს, მშენებლობის პროცესი მიდის ინტენსიურად, გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, დაზუსტდა პროექტირების დეტალები და ა.შ. რაც შეეხება ხელშეკრულებას, პროექტი ხორციელდება იმის მიუხედავად, გვეყოლება თუ არა კერძო პარტნიორი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მინდა საზოგადოებამ იცოდეს, იმიტომ, რომ პროექტი უნდა განხორციელდეს. ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. ეს არის მოსახლეობასთან განცხადებული დაპირება. სახელმწიფომ უკვე აიღო ვალდებულებები და შესაბამისად, ინვესტირება დაწყებულია ამ პროექტში. აქედან გამომდინარე, ამის გაჩერების პერსპექტივა არ არსებობს და ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა. ეს მაინც იქნება წარმატებული პროექტი, იმიტომ, რომ ეს არის მდგრადი პროექტი. ჩვენ ყველანაირი შესწავლა გვაქვს გაკეთებული. აქედან გამომდინარე, ეს იქნება ან სახელმწიფო პროექტი, ან სახელმწიფოსა და კერძო პარტნიორის მიერ ერთად განხორციელებული პროექტი. ყველა ვარიანტში, ეს იქნება წარმატებით განხორციელებული, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეკონომიკური ამოცანები და ამ ეკონომიკურ ამოცანებში ჯდება თანამშრომლობა ყველა პარტნიორთან, მათ შორის ჩინეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და სამეზობლო ქვეყნებთან,” – აცხადებს ლევან დავითაშვილი.