“არათუ გადასავადებელი, არამედ გასაუქმებელია”- ძნელაშვილი ბაზრობებზე სალარო აპარატების შემოღების ვალდებულებაზე
ბაზრობების მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების ვალდებულება შესაძლოა, კიდევ გადავადდეს – საქართველოს ბიზნესომბუდსმენი საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს პარლამენტს მიმართავს, სადაც საუბარია საკონტროლო-სალარო აპარატით უზრუნველყოფის და მასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედების ვადის 4 წლით, 2030 წლის 1-ელ იანვრამდე გადაწევაზე.
თუმცა, იურიდიული კომპანია Tax&Legal Solutions-ის მმართველი პარტნიორი და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ზურაბ ძნელაშვილი ამბობს, რომ ეს რეგულაცია არა თუ გადასავადებელი, არამედ გასაუქმებელია. მისი თქმით, გადასახადების ადმინისტრირების პროცესში ბაზრის ორგანიზატორების ჩართვა და ურჩი მოვაჭრეების გამო მათი დაჯარიმება არასწორია.
“ეს არის ძალიან არასწორი და უსამართლო ნორმა. ეს არის ორკომპონენტიანი რეგულაცია. პირველი ეხება ბაზრობის ორგანიზატორს და მეორე – ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრე პირებს. ბაზრობის ორგანიზატორის ნაწილში, მაგალითად, არის ვალდებულება, რომ მან უნდა აღჭურვოს ყველა არასტაციონალური სავაჭრო ობიექტი, ანუ ყველა მოვაჭრე საკონტროლო სალარო აპარატით. ეს ვალდებულება არის გადავადებული 2026 წლის პირველ იანვრამდე და ამის გადავადებაზეა საუბარი. ვფიქრობ, რომ ეს არის გაუმართლებელი ტვირთი. ბაზრობის ორგანიზატორსა და თვითონ ბაზრობაზე მოვაჭრეს შორის არის საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობები. არ შეიძლება, რომ ამ ურთიერთობებში შემოვიყვანოთ გადასახადების ადმინისტრების საკითხები.
ბაზრობის ორგანიზატორს რატომ უნდა დავაკისროთ გადასახადების ადმინისტრების საკითხი? ვალდებულება რომ საკონტროლო სალარო აპარატით აღჭურვოს, რას ნიშნავს? ანუ, უნდა უყიდოს, ხოლო თუ გაუფუჭდება, უნდა შეუცვალოს.
სალარო აპარატი რომ გაუფუჭდეს, მწყობრიდან გამოვიდეს, პასუხს მაინც ბაზრობის ორგანიზატორი აგებს. 1000 ლარი არის თითო ობიექტზე ჯარიმა და ეს არის ძალიან მაღალი და ძალიან გაუმართლებელი ტვირთი. მე მიმაჩნია, რომ ბაზრობის ორგანიზატორს არ უნდა ჰქონდეს გადასახადების ადმინისტრების ფუნქცია დელეგირებული”, – ამბობს Tax&Legal Solutions-ის მმართველი პარტნიორი.
ამასთან, ზურაბ ძნელაშვილი განმარტავს, რომ დადგენილი ნორმის შეცვლა აუცილებელია. მისი შეფასებით, გადასახადების ადმინისტრირებიდან სრულად უნდა მოხდეს ბაზრის ორგანიზატორების ჩახსნა, ხოლო მოვაჭრეებისთვის დახლზე ფიქსირებული გადასახადი უნდა შემოვიდეს, რაც პროცესებს უფრო სამართლიანს და მარტივს გახდის.
“ვფიქრობ, შეიძლება მოვაჭრეების ფიქსირებულ გადასახადზე გადაყვანა, ან ისევ სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულების დატოვება, მაგრამ ბაზრობის ორგანიზატორი არაფერ შუაში არ არის, მას არ უნდა დავაკისროთ გადასახადების ადმინისტრების ფუნქცია და მესამე პირების სალარო აპარატების აღჭურვის ფუნქცია.
არ მიაქირავოს ისეთ პირს, რომელიც არ არის მეწარმედ რეგისტრირებული და ასევე აწარმოოს აღრიცხვა ამ პირების და საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია მის ტერიტორიაზე მოვაჭრე პირების შესახებ – ეს ძალიან ლოგიკური და ბუნებრივია”, – ზურაბ ძნელაშვილი.
საქმე ის არის, რომ ბაზრობებზე სალარო-აპარატების გამოყენების ვალდებულებაზე ცვლილებები პარლამენტმა ჯერ კიდევ 2019 წელს მიიღო, რომლის მიხედვით 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული უნდა ყოფილიყო, საქონლის რეალიზაციისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოეყენებინა. პანდემიის გამო ეს ვალდებულება ჯერ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა, შემდეგ კი, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე. რეგულაციის გადავადებასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის ინიციატივა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა უნდა განიხილოს.