არის თუ არა დაინტერესებული აშშ ტრანსკასპიური მილსადენის პროექტით?

რუბიო თურქეთში ჩადის, სადაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთ-უკრაინის ომის საკითხს განიხილ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე თურქმენეთში ახალი გაზსადენის მშენებლობაზე ჰკითხეს, რომელმაც აზერბაიჯანის გავლით თურქმენული გაზი ევროპაში უნდა გაატაროს. საუბარია ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტზე, რომელიც მშენებლობის შემთხვევაში საქართველოზეც გაივლის.

“მინდა შევეხო მსოფლიოს იმ ნაწილს, რომელიც დიდი ყურადღების ქვეშ არ არის, თუმცა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ცენტრალური აზია, რაც მოიცავს ხუთ ქვეყანას: ყაზახეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, თურქმენეთსა და ტაჯიკეთს. როცა დილით იღვიძებენ ჩრდილოეთით ხედავენ რუსეთს, აღმოსავლეთიდან ჩინეთს, სამხრეთიდან ავღანეთს, ხოლო დასავლეთიდან ირანს. აქ დიდი პოტენციალია და არ მგონია ეს პოტენციალი გამოყენებულია. ამის მაგალითია ტრანსკასპიური მილსადენის არარსებობა. მსოფლიოში გაზის რეზერვებით თურქმენეთი მეხუთე ადგილზეა, უდიდესი პოტენციალია. ნათელია, მეზობლების ჩინეთის, რუსეთისა და ირანის პირობებში იქიდან გაზის გამოტანა გამოწვევა იქნება, თუმცა კასპიის ზღვის მეშვეობით არსებობს გზა”, – თქვა სენატორმა დენისმა და სახელმწიფო მდივანს ჰკითხა, არის თუ არა ამ პროექტის დასრულება აშშ-სა და მისი მოკავშირეების საუკეთესო ინტერესებში.

ამაზე რუბიომ უპასუხა, რომ ფიქრობს რომ დიახ, თუმცა დაამატა, რომ დეტალებს არ იცნობს.

“ნამდვილად ვხედავ თქვენი არგუმენტებიდან და როგორც ჩამოაყალიბეთ იმას, რომ ეს მნიშვნელოვანია. ეს [საკითხი] კიდევ ერთხელ მახსენებს, თუ რატომ გვსურს ჩვენი საგარეო პოლიტიკის დიდი ნაწილი წარიმართოს რეგიონულ საელჩოების დონეზე. ეს არის ზუსტად ის შესაძლებლობები, რაც ქვემოდან ზემოთ უნდა წარიმართოს. გვაქვს საელჩოები და იქ ადამიანები, რომლებმაც იდენტიფიცირება უნდა მოახდინონ მსგავსი შესაძლებლობების და განახორციელონ ენერგეტიკული დიპლომატია”, – თქვა რუბიომ.

ცნობისთვის, ალტერნატიული მილსადენების მშენებლობის იდეა, რაც თურქეთის გავლით ევროპაში კასპიის რეგიონიდან და ახლო აღმოსავლეთის ნაწილიდან გაზის იმპორტს ითვალისწინებდა, 1990-იან წლებში გაჩნდა. იმისთვის, რომ თურქმენული გაზი ევროპაში მოხვდეს, საჭიროა, კასპიის ზღვის ფსკერზე თურქმენეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მილსადენის მშენებლობა.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გაზის ყველაზე დიდი მარაგი რუსეთს აქვს, რომელიც მსოფლიო გაზის მარაგების 19.9%-ს (37.4 ტრილიონი მ3 ) აკონტროლებს. რუსეთის შემდეგ ყველაზე დიდ მარაგს თურქმენეთი ფლობს 7.2% (13.6 ტრილიონი მ3 ), შემდეგ მოდის აზერბაიჯანი – 1.3% (2.5 ტრილიონი მ3 ), ყაზახეთი 1.2% (2.3 ტრილიონი მ3 ), უზბეკეთი – 0.4% (0.8 ტრილიონი მ3).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *