“არქი ჯგუფმა” თბილისში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია შეიძინა – სულ 217,288 მ²

“არქი ჯგუფმა” თბილისში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია შეიძინა – სულ 217,288 მ²

კომპანია “დადიანი ინვესტმა”, რომელიც “არქი ჯგუფის” დამფუძნებელ ილია წულაიას ეკუთვნის, თბილისში 217,288 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება შეიძინა. აქტივი ცოტნე დადიანის გამზირის მიმდებარედ ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიას მოიცავს. ნასყიდობის ხელშეკრულება 2025 წლის 16 აპრილს გაფორმდა.

ტერიტორია დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ კომპანიებს – „ვილსონ გარდენს“, შპს „იუ ეს თრეიდინგ კომპანის“ და სს „ფროფგრუპს” ეკუთვნოდა; ადგილზე $250-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას სწორედ “ვილსონ გარდენი” გეგმავდა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოშიც ადგილს “ლიბერთი ბანკის” აქციონერი ირაკლი რუხაძეც იკავებდა; თუმცა როგორც ირკვევა, ილია წულაიას “დადიანი ინვესტმა” ქონება “საქართველოს ბანკისგან” გამოისყიდა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდშიც, როცა ტერიტორია წილოსანების ოჯახის კომპანიებს ეკუთვნოდა, აქტივები “საქართველოს ბანკის” იპოთეკით იყო დატვირთული, შემდეგ კი ბანკის მოთხოვნით მას ყადაღაც ედო; რის შემდეგაც, ის ბანკის საკუთრებაში გადავიდა, რომლისგანაც ის ილია წულაიას “დადიანი ინვესტმა” შეიძინა.

კომპანია “ვილსონ გარდენის” დირექტორმა გიორგი ტაბიძემ BMG-ის განუცხადა, რომ გარიგება ბანკსა და “არქი ჯგუფს” შორის განხორციელდა და შესაბამისად, ისინი მასზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. ამასთან, გიორგი ტაბიძე აღნიშნავს, რომ “არქი ჯგუფი” ქვეყნის უმსხვილესი დეველოპერია და მას აქვს ყველანაირი წინაპირობა, რათა პროექტი წარმატებით განახორციელოს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონებაზე “საქართველოს ბანკის” იპოთეკაა რეგისტრირებული, რომლის მოთხოვნის მაქსიმალური მოცულობა 100 მილიონ დოლარს შეადგენს.

აღნიშნული ტერიტორიის ურბანული განვითარების შესახებ თბილისის საკრებულომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში მიიღო. აღნიშნულ პერიოდში პროექტი “ვილსონ გარდენს” ეკუთვნოდა და ის ადგილზე 51 ნაგებობის მშენებლობას გეგმავდა, რომელთა საერთო ფართობიც 445,904 კვადრატული მეტრი უნდა ყოფილიყო.

ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის განვითარების გეგმა ასეთი იყო:

  • ახლად აშენებული შენობების 75% საცხოვრებელი იქნება, 25% კომერციული.
  • ახალი შენობებიდან ყველაზე მაღალსართულიანი ნაგებობა 33- სართულიანი და 117 მეტრის სიმაღლის იქნება.
  • საშუალოსართულიანობა ახალ კვარტალში აშენებულ შენობებს 15-20 სართული ექნება.
  • საპროექტო სივრცეში არსებული შენობების ჩათვლით ახალი კვარტალი სულ 51 შენობას გააერთიანებს.
  • ჯამური საცხოვრებელი ფართობი 445 904 კვ.მ იქნება.
  • 217 288 კვადრატულ მეტრ საპროექტო ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცისთვის 21 000 კვადრატული მეტრია გამოყოფილი.
  • დაგეგმილია 3 653 მანქანისთვის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომის მოწყობა.
  • ცენტრალური გზები იქნება 7-მეტრიანი და გზის ორივე მხარეს მოეწყობა 2.5-მეტრიანი ტროტუარები. გათვალისწინებულია ველობილიკებიც.

BMG პროექტთან დაკავშირებით “დადიანი ინვესტის” დამფუძნებელს, ილია წულაიას ესაუბრა. მისი ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება, რომლის სააინვესტიციო ღირებულება 250 მილიონ დოლარამდეა.

30 აპრილს კომპანია “დადიანი ინვესტმა” საჯარო რეესტრში წილების ნასყიდობის განაცხადი დაარეგისტრირა. კომპანიის 92%-ის მფლობელად ილია წულაია რჩება, 5%-იანი წილი შეიძინა სააქციო საზოგადოება “გრევითი ინვესთმენთსმა”, რომელიც ბიზნესმენ კობა ჩეკურიშვილის მიერ არის დაფუძნებული, 3%-იანი წილი კი სს “ლეტერენმა”, რომელიც თინა ბარბაქაძის მიერ არის დაფუძნებული.

ამასთან, “გრევითი ინვესთმენთმა” და “ლეტერენმა” 2024 წელს “თანაინვესტირების ფონდისგან” მტკვარი ჰესის პროექტიც შეისყიდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *