დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ ხარისხის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი ISO 9001:2015 – ხარისხის მენეჯმენტის სისტემა წარმატებით დანერგა. ეს სერტიფიკატი კომპანიაში მართვის სისტემის გაუმჯობესებას, სტრუქტურირებასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტისა თუ მომსახურების სტაბილურად უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
კომპანიის ცნობით, ISO სტანდარტის დანერგვის პროცესში „არქიმ“ საერთაშორისო ორგანიზაცია TÜV NORD მოიწვია, რომლის მონაწილეობით ჩატარებული აუდიტი კომპანიამ წარმატებით გაიარა. სერტიფიცირების ეტაპზე კონსულტაციას კომპანია „შპს მენეჯმენტის სისტემები“ უწევდა.
” არქისთვის ისეთი სტანდარტის დანერგვა, როგორიც ISO 9001:2015-ია, წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს მაღალი ხარისხის, სტაბილური განვითარებისა და პროცესების გამჭვირვალობის მიმართულებით”, – წერს კომპანია.