“არ შეიძლება პურის 5 თეთრით გაძვირება მუდმივი პრობლემა იყოს” – როგორ უნდა გადაჭრას სახელმწიფომ დი

“არ შეიძლება პურის 5 თეთრით გაძვირება მუდმივი პრობლემა იყოს” – როგორ უნდა გადაჭრას სახელმწიფომ დი

პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია „ემსიბის“ დირექტორ ალექსანდრე რატიშვილის შეფასებით, საქართველოში პურის გაძვირება მოსახლეობისა და ბიზნესისთვის მტკივნეული საკითხია, რომელიც სისტემურ პრობლემებს ცხადყოფს. ბიზნესმენის თვლის, რომ არ შეიძლება 35 წელი ქვეყანაში პურის ფასის ზრდის საკითხი ასე აღიქმებოდეს, რადგან პურის გაძვირება ინფლაციის პირობებში, ბუნებრივი პროცესია. თემაზე ალექსანდრე რატიშვილმა დეტალურად BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

ის თვლის, რომ პურის ფასს სახელმწიფო, მათ შორის სოციალურ ფენებზე გავლენის მოსაპოვებლად იყენებს, რათა ამომრჩევლის ხმები მიიღოს. ამგვარად, ალექსანდრე რატიშვილი „ანალიტიკაში“ ამ პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრობს. მათ შორის ერთ-ერთ და უმთავრეს საკითხად სახელმწიფოს მიერ ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადით ბიუჯეტში შესული 50 მლნ ლარის სოციალური ფენების სუბსიდირებას ეხება.

ფქვილის მწარმოებლები ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, მთავრობას რამდენიმე ინიციატივით მიმართავენ

  • რა ხდება პურის გაძვირებასთან დაკავშირებით – უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, რა კვებავს პურის ფასს?

– ჩემი კომპანია პურ-ფუნთუშეულს აწარმოებს, ამიტომ ამ საკითხთან უშუალო შეხებაში ვარ.

სახელმწიფოს დაწესებული აქვს ფქვილის იმპორტზე საბაჟო ტარიფი. მეპურეები ფიქრობენ, რომ ეს ტარიფი გავლენას ახდენს პურის წარმოებისას მთავარი კომპონენტის – ფქვილის ფასზე და შესაბამისად, პური ძვირდება.

მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში ის მგონია, რომ ქვეყანა 35 წელია დამოუკიდებელი, სახელმწიფოს ვაშენებთ და სხვადასხვა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ საკითხის მოგვარება – კომუნისტების დროიდან მოყოლებული გაუთავებლად ისმის, რომ „პური ძვირდება და ვიღუპებით“. ამ პარადიგმაშია ქვეყანა, რაც ჩემი აზრით, სრულებით მიუღებელი, გაუგებარია და სრულებით კონტროლირებადი პროცესი, ასე მგონია, რომ ამით ჩვენს მოსახლეობაზე, რომელიც შემდეგ ამომრჩეველს წარმოადგენს მოხდეს მანიპულირება. ეს თემა, რომ პური ძვირდება და ვიღუპებით თუ ამ ქვეყანაში არ დასრულდა, საჭიროა მთავრობის და ბიზნესის ჩართულობა… პურის წარმოებაში რამდენიმე რგოლია, მეხორბლე, შემდეგ წისქვილი, შემდეგ მეპურეები… გაუთავებლად ამ თემაზე საუბარი ჩვენი საზოგადოების სირცხვილია. ამას როგორმე უნდა მოვუაროთ და ეს თემა უნდა დავასრულოთ.

  • ეს საბჭოთა მენტალობის გავლენაა, თუ ობიექტური მიზეზი, რომ ქვეყანა ამ 35 წლის განმავლობაში ღარიბია, სისტემური სიღარიბიდან ამოსვლა ვერ ხდება და შესაბამისად, პურის გაძვირება ბევრი ადამიანისთვის რეალურ პრობლემას ქმნის…

– პრობლემა ის არის, რომ XXI საუკუნის მეოთხედია გასული და საქართველოში უამრავი ადამიანისთვის პურის 5-10 თეთრით გაძვირება მძიმედ გადასატანი ამბავია. ეს არის ტრაგედია, რომ საქართველო იმ დონის ღარიბ ქვეყნად რჩება, რომ პურის გაძვირებაზე საუბარი და ამ პროცესის ტრაგიკული აღქმა არ სრულდება.

მინდა გითხრათ, როგორც ბიზნესმენმა, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველო არ არის ისეთი ღარიბი ქვეყანა, რომ პურის ოდნავი გაძვირება ადამიანების ფსიქოლოგიაზე და ცხოვრებისადმი მიდგომაზე ასეთ გავლენას ახდენდეს. პური რჩება ისევ საზრდოდ ჩვენი არსობისა და მთავარ პროდუქტად გაჭირვებული ადამიანების, რომლებიც იმდენნი არიან ამ ქვეყანაში, რომ ამ პურის გაძვირებაც კი იწვევს დრამატულ აღქმას, რომ ცხოვრება დასრულდა. ეს არის ჩვენი სისტემური პრობლემა. საქართველო როგორც კლიმატურად, გეოგრაფიულად, ნიადაგურად თუ სხვა ნებისმიერი პირობებით სამოთხეა, აქ ცხოვრობს სულ რაღაც 3.5 მლნ ადამიანი და არ შეიძლება ასეთ სამოთხეში, ასეთი მცირე მოსახლეობით პურის 5 თეთრით გაძვირება იყოს მუდმივი პრობლემა. ეს პრობლემა სისტემურად მოსაგვარებელია და ამ მოგვარებას სჭირდება იმ ადამიანების სწორად მოქმედება, ვისაც ამ პრობლემის მართვის ბერკეტები აბარია.

  • სისტემურ პრობლემაში რას გულისხმობთ და სად ხედავთ გამოსავალს – პური არ უნდა გაძვირდეს?

– ამას არ ვამბობ… პური უნდა გაძვირდეს. იმიტომ, რომ მისი ყველა კომპონენტი ძვირდება. დავუკვირდეთ ამ თემასყველა კომპონენტი დაწყებული ნედლეულით და გაგრძელებული კომუნალური გადასახადებით, ყველაფერი არის კერძო ბიზნესის ხელში და ასეც უნდა იყოს. თითოეული მათგანი ხომ მოგებაზე მუშაობს. ქვეყანაში ინფლაციაა, საერთაშორისო ფაქტორები მოქმედებს, კურსის ცვალებაა თუ სხვადასხვა ფაქტორი – ყველა ეს კომპონენტი პერიოდულად ფასის ცვალებადობს განიცდის. მაშ როგორ შეიძლება არ გაძვირდეს პური?! – ძვირდება ფქვილიც, ზეთიც, მარილიც, საფუარიც, ელექტროენერგიაც და ა.. და ამას დამატებული ხელფასები იმ მუშამოსამსახურეების, რომლებიც ამ პროდუქტს ქმნიან.

თუ სახელმწიფოსთვის 5 თეთრით პურის გაძვირება ამხელა პრობლემაა, რომ ვაიმე ამომრჩეველი ხმას აღარ მომცემს“, მაშინ სახელმწიფომ სოციალური საწარმოები გააკეთოს, გამოუშვას სოციალური პური და გაუნაწილოს იმ სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, რომლებსაც მართლა სჭირდებათ ეს დახმარება.

დანარჩენ ადამიანებს, მატერიალური შესაძლებლობა აქვს, ისინი ამ 5-10 თეთრს არ აკვირდებიან. მაღაზიაში შედიან, პროდუქტების კალათას ავსებენ, მათ შორის პურს და ყიდულობენ.

ამის პარალელურად, საქართველოში დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი პირია. აი, სად არის სისტემური პრობლემა და ამას უნდა მივხედოთ. ამ საზოგადოებამ, რომელიც არჩევნებზე მიდის, ირჩევს ამა თუ იმ ჯგუფს ხელისუფლებაში მოსასვლელად უნდა უყუროს როგორი ეკონომიკური პროგრამა აქვთ ვისაც ირჩევენ, რას სთავაზობენ და როგორ აპირებენ ამ სისტემური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას, რომელიც არასდროს მთავრდება.

  • თუ პური არ ძვირდება, რა გავლენა აქვს ამას, მათ შორის ბიზნესზე და თავად პურზე, მის ხარისხზე?

– თუ პური არ ძვირდება, ამას უზარმაზარი გავლენა აქვს. რადგან როდესაც პურის საწარმოო ყველა კომპონენტი ძვირდება, ბიზნესიც მოგებაზეა ორიენტირებული და თუ პურს არ გააძვირებს მაშინ მას დახურვა მაუწევს. ერთადერთ გამოსავლად ქვეყნის, პირველ რიგში მისი ეკონომიკის სისტემურ რეფორმირებას ვხედავ, მეორე მხრივ, თუ ამდენი სოციალურად დაუცველი გვყავს მართლა, მაშინ ასეთი გამოსავალია, რომ სახელმწიფოს აქვს საბაჟო ტარიფი იმპორტირებულ ფქვილზე. ამ საბაჟო ტარიფის ამოქმედების შედეგად დაახლოებით 50 მლნ ლარია აკუმულირებული ბიუჯეტში. ყველას არ სჭირდება პურზე სუბსიდირება. თუ ამ თანხიდან გარკვეულ თანხას გამოვყოფთ და იმ ადამიანებისკენ მივმართავთ, ვისაც მართლა სჭირდებათ, სოციალურ პურზეა საუბარი. თორემ ძალიან ბევრი სახის კარგი ხარისხის პური იყიდება საქართველოში, რომელიც 10 ლარი ღირს. ანუ საზოგადოების ყველა ფენას არ აწუხებს ეს პრობლემა. აი, ვისაც აწუხებს ეს, მოდი მივმართოთ მათკენ რაიმე ფორმით ეს დახმარება, რომ მათთვის პურის ფასის სუბსიდირება მოხდეს. არ გაძვირება კი არა სუბსიდირება – ან საპენსიო სქემით, ან სოციალური სქემით, რაიმე სქემით.

საქმე ის არის, რომ პურის მცხობელები დარგობრივ სამინისტროს ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადის გადახედვას სთხოვენ. მიზეზად ბაზარზე გადასახადის გამო, იმპორტირებული ფქვილის გაზრდილ ფასს და სხვადასხვა ხარისხის ფქვილზე ფინანსური ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ასახელებენ. პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ფქვილის იმპორტის დამაბალანსებელი გადასახადი ამოქმედდა, მეპურეებს რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა, ამიტომ მწარმოებლები იძულებული არიან მხოლოდ ადგილობრივ წისქვილებში წარმოებული ფქვილი იყიდონ, რომლის ხარისხობრივი პარამეტრები მეპურეებისთვის არადამაკმაყოფილებელია. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში არ იზიარებენ მეპურეთა შეფასებებს იმის შესახებ, თითქოს, ფქვილის იმპორტზე დაწესებულმა გადასახადმა ქვეყანაში რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და იმ შეფასებას, რომ რუსული ფქვილის საქართველოში წარმოებულზე უკეთესია. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობა მეპურეთა მოთხოვნას გაითვალისწინებს და ფქვილზე საიმპორტო გადასახადს გადახედავს ან გააუქმებს, ეს მემარცვლე ფერმერებისა და წისქვილების დარგს გააჩერებს. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია კი ფქვილის ბაზარზე არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, მთავრობას რამდენიმე გადაწყვეტილების მიღებას სთავაზოვს. გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ფქვილის სავალდებულო მარკირება, წისქვილების რეესტრის შექმნა და ასევე პურის ინდექსის დაწესება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *