აუდიტი: პროექტებში გათვალისწინებული იყო ინფრასტრუქტურა, რომელიც სკოლებს ჰქონდათ

აუდიტი: პროექტებში გათვალისწინებული იყო ინფრასტრუქტურა, რომელიც სკოლებს ჰქონდათ
საჯარო სკოლების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციაში არაერთი სერიოზული ხარვეზი და ფაქტობრივი შეუსაბამობა გამოვლინდა — ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, სკოლების რეაბილიტაცია ორ ეტაპად ხორციელდებოდა: პირველ ეტაპზე — საპროექტო მომსახურება, ხოლო მეორე ეტაპზე — სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. პროექტების დიდი ნაწილი შპს „სამეცნიერო, საპროექტო-ტექნოლოგიური საწარმო ინდუსტრიამ“ მოამზადა, თუმცა აუდიტის ჯგუფის შეფასებით, სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტაციაში ფიქსირდება სისტემური ხარვეზები.

ერთ-ერთი მაგალითის მიხედვით, სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლაში საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებდა ახალი საქვაბის მშენებლობას, მაშინ როდესაც სკოლაში უკვე არსებობდა ახლად აშენებული ცენტრალური გათბობის სისტემა. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ნორიოსა და რუფოთის საჯარო სკოლებშიც, სადაც დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები ადგილობრივ პირობებს აშკარად ეწინააღმდეგებოდა.

ასევე ერთ შემთხვევაში დოკუმენტაციაში გათვალისწინებული იყო სპორტული მოედნის მშენებლობა, მაშინ როდესაც სკოლის ტერიტორიაზე არსებობდა ახლად აშენებული სპორტული მოედანი.

აუდიტის ანგარიში ხაზგასმით აღნიშნავს შემთხვევებს, როდესაც საპროექტო დოკუმენტაციაში მოცემული სამუშაოები არ ემთხვეოდა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ მოცულობებს. მაგალითად, სოფელ ცხრაწყაროს სკოლისთვის პროექტით გათვალისწინებული იყო 742 კუბური მეტრის დემონტაჟი, მაშინ როცა ხარჯთაღრიცხვაში ეს მაჩვენებელი 944 კუბურ მეტრს აღწევდა. ანალოგიური შეუსაბამობები დაფიქსირდა ქუთაისის N23 და ქვედა სიმონეთის სკოლებში.

გარდა ამისა, აუდიტის ჯგუფი მიუთითებს, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში სადემონტაჟო ნარჩენების ტრანსპორტირება 20 კმ რადიუსში იყო განსაზღვრული, მაშინ როცა სოფლებში ნაგავსაყრელების მდებარეობა ხშირად ცვლადია და მოცემული მანძილი პრაქტიკულად არაზუსტია.

„დოკუმენტაცია, რომელიც უნდა ყოფილიყო მაღალხარისხიანი და ხარვეზებისგან დაცლილი, რეალურად შეიცავდა მნიშვნელოვან უზუსტობებს. შედეგად, საჭირო გახდა ხელშეკრულებების არაერთგზის გადახედვა, რაც საბოლოოდ სამუშაოების დასრულების ვადების გადავადებასა და პროექტების გაძვირებას გამოიწვია,“ — ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

დოკუმენტის თანახმად, დაფიქსირებული პრობლემები საბოლოოდ აისახა ბენეფიციარებზეც — მოსწავლეებმა და სკოლებმა რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაგვიანებით მიიღეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *