„აუცილებელია აბასთუმნის პოპულარიზაცია, ბრენდად ჩამოყალიბება“ – რა დატვირთვით მუშაობს „ეიკონ აპარტამენტები“?
აბასთუმანში მოქმედი აპარტოტელი „ეიკონ აპარტამენტები“ დღეისთვის მაღალი დატვირთვით მუშაობს. ერთი წლის წინ გახსნილი ობიექტის დამფუძნებლები ამბობენ, რომ წელს ჯავშნების რაოდენობა 52-55%-მდეა გაზრდილი. ამის შესახებ რუსუდან გოგოლაძემ bm.ge-სთან ისაუბრა.
„ეიკონ აპარტამენტები“ 8 მლნ ლარის ინვესტიციით, აბასთუმანში ერთი წელია, რაც გაიხსნა. პროექტის მშენებლობა ეკუთვნის კომპანია „ეიკონ დეველოპმენტს“, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2014 წლიდან ოპერირებს. აპარტოტელი „ეიკონ აპარტამენტები“ აბასთუმნის წიწვოვან ტყესთან, მდინარესთან, სპორტულ მოედნებთან და თერმულ წყლებთან ახლოს მდებარეობს. 5-სართულიანი კომპლექსი 4 კატეგორიის 37 აპარტამენტს მოიცავს, რომელიც 110 სტუმარზეა გათვლილი, ასევე ქართულ-ევროპულ ბარ-რესტორან „იფანს“ – 120 სტუმარზე, საკონფერენციო სივრცეს, სადაც თეატრალური წყობით 60-მდე სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი და საბილიარდო ოთახს.
აპარტოტელი დამსვენებელს მყუდრო დასვენებასა და ბუნებასთან ახლოს განტვირთვას სთავაზობენ. ამასთან, მსურველებს სრულად აღჭურვილ და კეთილმოწყობილ აპარტამენტების შეძენის შესაძლებლობასაც სთავაზობენ, რაც აპარტამენტების კერძო მესაკუთრეებს აძლევენ უფლებას ისარგებლონ ყველა იმ მომსახურებით, რაც აპარტოტელს გააჩნია: დასუფთავება, ტექნიკური მომსახურება თუ ჯავშნების ონლაინ პლატფორმებზე განთავსება და სტუმრების მიღება. აპარტოტელის დამფუძნებელი რუსუდან გოგოლაძე აღნიშნავს, რომ აპარტამენტების ჯავშნების ღირებულება 350 ლარიდან იწყება და კატეგორიების მიხედვით იცვლება. ასევე გვაქვს ლოიალობის პროგრამა, რომელიც ფასდაკლებას მოიცავს.
„ჩვენ ძირითადად როგორც ქართველი , ასევე უცხოელი მრავალწევრიანი ოჯახები გვსტუმრობენ. ჩვენი მიზანი მთელი წლის მანძილზე ჯავშნების რაოდენობის გაზრდა და კურორტის ცნობადობა ამაღლებაა. აუცილებელია ამ კურორტის პოპულარიზაცია და ბრენდად ჩამოყალიბება. დღეს ჩვენი ძალებით ვცდილობთ ჩვენს პოტენციურ დამსვენებელს გავაცნოთ კურორტი და დავაინტერესოთ მისი უპირატესობებით”, – აღნიშნა „ეიკონ აპარტამენტების“ დამფუძნებელმა რუსუდან გოგოლაძემ.
მისივე ინფორმაციით, „ეიკონ დეველოპმენტში“ 36 თანამშრომელია დასაქმებული, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ გადამზადებაზე კომპანია პერიოდულად ზრუნავს. გუნდის პრიორიტეტია მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, რაც სტუმრების შეფასებების შესაბამისად დგინდება.