მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის მხრიდან კვლავ ირღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
“თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, თავად გაემგზავროს საოკუპაციო ხაზთან, საკუთარი თვალით იხილოს ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გაეცნოს ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს. საქართველოს საკითხზე მსჯელობა ეუთო-ს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად. ჩვენ ვაფასებთ ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებზე წვდომის უზრუნველყოფა. საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს”,- თქვა ბოჭორიშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს გულწრფელი სურვილია ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.
“მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და აღვნიშნავ, რომ საქართველო მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებასა და თანამშრომლობაში. მოხარული ვარ, რომ, გასულ კვირას, თბილისმა უმასპინძლა სამმხრივ შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პირველი შეხვედრა თბილისში და იმედი მაქვს, ამ ფორმატში შევძლებთ თანამშრომლობას რეგიონის კეთილდღეობისთვის”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.