შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია აქტივისტი ნინო დათაშვილი “საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით”. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აქტივისტს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.დ., სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.დ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,” — წერია უწყების განცხადებაში. 9 ივნისს ნინო დათაშვილს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა. პუბლიკას ინფორმაციით, როდესაც მანდატურები დათაშვილს ძალით გამოყენებით ატოვებინებდნენ შენობას, ის მათ სთხოვდა აეხსნა კანონის რომელი მუხლის საფუძველზე ეკრძალებოდა ადგილზე ყოფნა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალ აქტივისტს მანდატური თმებში სწვდა.
აქტივისტ ნინო დათაშვილს მანდატურზე “თავდასხმისთვის” 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
