“მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან “გაგრის” მიმდებარედ გუშინ შევამჩნიეთ, რომ გზის სავალ ნაწილზე ბზარები იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტმა მოახდინა გზის ნაწილობრივ შეზღუდვა, რამაც საფრთხე აგვარიდა თავიდან. დავიწყეთ 24-საათიანი მონიტორინგი. დღეს, მდგომარეობა გართულდა. ამ ადგილზე მოხდა მიწის გარკვეული მასის ჩაშლა. პირველადი მონაცემებით, მტკვარმა, საყრდენ კედელს ძირი გამოურეცხა, რამაც გზის ჩავარდნა გამოიწვია. მერიის შესაბამისი სამსახურები მობილიზებულები ვართ. 24-საათიან რეჟიმში დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები. იმ მონაკვეთის გარდა, სადაც მოძრაობა შეზღუდული იყო, მოძრაობა კიდევ ერთ ზოლზე შეიზღუდება. მოძრაობის მიმართულებას გავაცალმხრივებთ, ზოლში ორივე მიმართულებით იქნება მოძრაობა შესაძლებელი. 24 საათი ვიქნებით ჩართულები, რათა მალე მოხდეს სამუშაობის დასრულება და ზიანის აღმოფხვრა”,- აღნიშნა ბენდელიანმა.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარების შესახებ თბილისის მერიამ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოძრაობა იზღუდებოდა. უწყების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კი ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანების გამო გუშინვე, როგორც საფეხმავლო, ისე ტრანსპორტისთვის განკუთვნილ მარჯვენა ზოლზე მოეწყო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, გუშინ დაიწყო შესაბამისი კვლევების ჩატარება და ტექნიკური დავალების დამუშავება ნაპირსამაგრი ჯებირის პროექტირებისთვის. როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაწყებულია.