ორ ქვეყანას შორის 2018 წლის შემდეგ გამართული ყველაზე მაღალი დონის შეხვედრა თეირანის ბირთვულ პროგრამას შეეხება.
„ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ მოლაპარაკებების საფუძველთან და თუ ჩვენ შევძლებთ ამ საფუძვლის დადებას მომავალ კვირას, შორს წავალთ და ამის საფუძველზე შევძლებთ რეალური დისკუსიების დაწყებას.
ორივე მხარე შეთანხმდა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე… ალბათ, მომავალ შაბათს. ირანს და ამერიკულ მხარეს სურთ მოკლევადიან პერსპექტივაში შეთანხმება. ჩვენ არ გვინდა მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის“, – განუცხადა სახელმწიფო ტელევიზიას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ და დასძინა, რომ მოლაპარაკებები წარიმართა „პროდუქტიულ, მშვიდ და პოზიტიურ ატმოსფეროში“.
თავის მხრივ, თეთრმა სახლმა მოლაპარაკებებს, რომელშიც მონაწილეობდნენ ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი და აშშ-ის ელჩი ომანში, “ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული” უწოდა.
“ეს საკითხები ძალიან რთულია და სპეციალური წარმომადგენლის ვიტკოვის დღევანდელი პირდაპირი კომუნიკაცია იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ორმხრივად მოგებიანი შედეგის მისაღწევად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შაბათს კვლავ შეხვდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, პრეზიდენტობის პირველი ვადისას, 2018 წელს დონალდ ტრამპმა აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გამოიყვანა და განაცხადა, რომ “უკეთეს შეთანხმებას” მიაღწევდა.
როგორც ცნობილია, რომ დონალდ ტრამპმა ირანის უზენაეს ლიდერს გასულ თვეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ სურდა, ირანს ბირთვული იარაღი არ მიეღო და თავიდან აერიდებინა შესაძლო თავდასხმა აშშ-სა და ისრაელზე. თავის მხრივ, ირანი იმედოვნებს, რომ შეთანხმების ფარგლებში ის ბირთვულ პროგრამას შეამცირებს, სანაცვლოდ კი აშშ-სგან სანქციების შერბილებას მიიღებს.