აშშ და ჩინეთი ექსპორტზე კონტროლის შემსუბუქების გეგმაზე შეთანხმდნენ

აშშ და ჩინეთი ექსპორტზე კონტროლის შემსუბუქების გეგმაზე შეთანხმდნენ
აშშ და ჩინეთი აცხადებენ, რომ მიაღწიეს შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომის დეესკალაციისთვის საჭირო ქმედებების მთავარ პრინციპებზე. კერძოდ, როგორც ამერიკული მედია წერს, ამერიკელი და ჩინელი მომლაპარაკებლები შეთანხმდნენ ჩარჩო პრინციპებზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მოლაპარაკებების წინა რაუნდისა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის გასულ კვირას გამართული სატელეფონო საუბრის შედეგად მიღწეული კონსენსუსი.

აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა ლონდონში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორივე მხარის ოფიციალური პირები წინადადებას დასამტკიცებლად თავიანთ ლიდერებს – დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს წარუდგენენ. „თუ ეს დამტკიცდება, ჩვენ ჩარჩოს ამოქმედებას შევძლებთ“, – თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ არცერთმა მხარემ არ გაამხილა შეთანხმების დეტალები, ლუტნიკმა მიანიშნა, რომ ორივე მხარე შეთანხმდა, რომ გააუქმებენ ექსპორტის კონტროლს იმ საქონელსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეორისთვის. ამასთან, “როიტერსის” ცნობით, ლუტნიკმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ იშვიათი მინერალების აშშ-ში ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა იშვიათი მინერალების მიწოდება აპრილში, დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომის საპასუხოდ შეწყვიტა. ამან შეაფერხა მომარაგება, რომელიც სჭირდებათ ავტომწარმოებლებს, კომპიუტერული ჩიპების მწარმოებლებს და სამხედრო კონტრაქტორებს მთელ მსოფლიოში.

პარალელურად, ვაშინგტონმა ჩინეთს შეუზღუდა წვდომა ისეთ საქონელზე, როგორიცაა ნახევარგამტარები და ხელოვნურ ინტელექტთან (AI) დაკავშირებული სხვა ტექნოლოგიები.

შეგახსენებთ, აშშ-სა და ჩინეთის დელეგაციები ერთმანეთს გასულ თვეში ჟენევაში შეხვდნენ. მაშინ მხარეებმა 90-დღიან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლითაც ერთმანეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები შეამცირეს. მიმდინარე მოლაპარაკებები ამ შეთანხმების გაგრძელებაა და მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის სავაჭრო ურთიერთობების სტაბილიზაციას ისახავს მიზნად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *