აშშ-ის დარტყმის შემდეგ, ირანმა ისრაელში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტები დაბომბა

3 დაღუპული და ათობით დაშავებული ისრაელში – როგორია უახლესი ცნობები კონფლიქტზე?
თელ-ავივში რამდენიმე ორსართულიანი საცხოვრებელი შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და ზოგიერთი ჩამოინგრა – ამის შესახებ ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს.

ირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო იერიში აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ განხორციელდა.

დარტყმები დაფიქსირდა ჩრდილოეთ ისრაელშიც – კერძოდ, ქალაქ ჰაიფაში. დაზიანდა ასევე ბენ-გურიონის აეროპორტი და სხვა სამხედრო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურა. ირანული მხარის ცნობით, სამიზნეებად შერჩეული იყო სამეთაურო და საკონტროლო ცენტრები, დამხმარე ბაზები და ბიოლოგიური კვლევითი ობიექტები.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, იერიში შორი მოქმედების რაკეტებით განახორციელა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“.

ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, იერიშის შედეგად დაშავდა სულ მცირე 16 ადამიანი.

აშშ-მა ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტი დაბომბა. დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ მშვიდობა უნდა დაამყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი თავდასხმები „გაცილებით უფრო მასშტაბური“ იქნება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ, X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, აშშ-ის ქმედებები დაგმო და აღნიშნა, რომ მათ „მარადიული შედეგები ექნება“.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *