როგორც მან ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე განაცხადა, მიესალმება გასულ წელს მიღებულ კანონებს.
“მე ვგულისხმობ შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ და ასევე, გენდერული იდენტობის ცნების ამოღებას კანონებიდან. დღეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ბრძანდებიან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გითხრათ და დაგლოცოთ. ეს ფაქტი ჩვენ გვაფიქრებინებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ მსგავსი ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება,” – აცხადებს მიტროპოლიტი შიო.
ამასთან, მან ვრცლად ისაუბრა დემოგრაფიულ პრობლემასა და აბორტის “საგანგაშო” მაჩვენებლებზე.
“დღეს, მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ მეტად მტკივნეულ თემაზე მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის დემოგრაფიული მდგომარეობა და აბორტების საგანგაშო რაოდენობა. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ხალხის რაოდენობა 5 მილიონიდან შემცირდა 3 მილიონ 700 ათასამდე. ამ უმძიმეს მოვლენას ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, გარდა სხვადასხვა გარემოებისა, აბორტების საგანგაშო სტატისტიკაც. ბოლო 10 წლის განმავლობაში, საშუალოდ გამოყვანილი რიცხვი ასეთია, ყოველ წლიურად გაკეთებული აბორტების არის 22 ათასი დაახლოებით. ამას ჩვენ თუ მივუმატებთ ე.წ. ქიმიურ აბორტებს, ანუ აბებით გაკეთებულ აბორტებს, მინიმუმ ორმაგდება რიცხვი. ამ მონაცემებით, რიცხობრივად წელიწადში 50-55 ათასი ადამიანით კლებულობს ჩვენი ქვეყანა. ამაზე გვაქვს ჩვენ დასაფიქრებელი. აბორტი არის უმძიმესი ცოდვა, ეს არის ადამიანის მკვლელობა დედის მუცელში. ასეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად, როდესაც ერი, ქვეყანა არ იღებს ზომებს, ეს ნიშნავს, რომ ის თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება და მას კარგი არაფერი არ უწერია,“ – განაცხადა მეუფე შიომ.
მისი თქმით, ალბათ, დადგა დრო, აბორტთან დაკავშირებით ვიფიქროთ ცნობიერების ამაღლებაზე და შემდეგ მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც საკითხს დაარეგულირებს.
„აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მიღებულია საკანონმდებლო ნორმები, რომელიც მეტად, თუ ნაკლებად ზღუდავს აბორტის გაკეთებას. აშშ-ში 10 შტატია, სადაც საერთოდ აკრძალულია აბორტი და ბევრ ქვეყანაში არის მეტ-ნაკლებად სხვადასხვანაირი რეგულაციები. ალბათ დადგა დრო, ამაზე ვიფიქროთ. ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი პრაქტიკები საგანმანათლებლო. იქნებ ვიფიქროთ ამის დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, როდესაც სკოლებში შედიან სპეციალისტები, მაღალ კლასებში, გოგონებთან, წელიწადში ერთხელ და უტარებენ ასეთ საუბარს, თუ რა ზიანი მოაქვს აბორტს ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, არ ვამბობ დემოგრაფიაზე, მაგრამ ამაზეც არის საუბარი საჭირო, სულიერად რა ზიანი მოაქვს, ეს პრაქტიკა ძალიან ეფექტური ყოფილა. და შემდეგ მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც დაარეგულირებს და გაამკაცრებს ამ საკითხს, ეს აუცილებელია. ასევე არის სხვადასხვა სოციალური პროგრამები, რომელშიც შეიძლება, ეკლესია სახელმწიფოსთან ერთად იყოს ჩართული და დავეხმაროთ ხალხს ამ დიდი გამოწვევის დაძლევაში”,- თქვა მეუფე შიომ.
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მასში მოქალაქეებთან ერთად “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.