სანქციები, რომლებიც 2019 წელს კონგრესის მიერ იქნა დაწესებული, ექვსი თვით შეჩერდება. შესაბამისი განცხადება ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა.
უწყების განმარტებით, სანქციები შეწყდება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც საქმიან ურთიერთობას ამყარებს როგორც სირიელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ისე სირიის ცენტრალურ ბანკთან.
გადაწყვეტილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ კვირას დააანონსა. ტრამპის თქმით, სანქციების შემსუბუქება დროებით მთავრობას მეტი გადარჩენის შანსს აძლევს.
„ბიზნესებს და ინვესტორებს მიეცემათ სანქციებისგან დაცვა, რაც მათ სირიაში დაბრუნებისთვის ესაჭიროებათ“, — აცხადებენ ტრამპის ადმინისტრაციაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ სანქციების შერბილება გარკვეულ პირობებზეა დამოკიდებული. მისი თქმით, აშშ სირიის მთავრობისგან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით სწრაფ და ეფექტურ ქმედებებს ელის.