თეთრი სახლის ეკონომიკურმა მრჩეველმა კევინ ჰასეტმა განაცხადა, რომ აქამდე მოქმედი 25%-იანი ტარიფი სასარგებლო იყო, თუმცა საჭირო იყო დამატებითი ზომების მიღება, რის გამოც ის 50%-მდე გაიზარდა. დიდი ბრიტანეთი დროებით გათავისუფლებულია ტარიფის მატებისგან, რადგან გასულ თვეში აშშ-მა და ბრიტანეთმა სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმეს.
Reuters-ის თანახმად, ახალი ტარიფები ყველაზე მეტად კანადასა და მექსიკას აზიანებს – ისინი აშშ-ში ფოლადის მთავარ მიმწოდებელთა შორის არიან. კანადა ასევე ალუმინის უმსხვილესი ექსპორტიორია აშშ-ში. მექსიკის ხელისუფლებამ ტარიფების მატება უსამართლოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ აშშ-სგან უფრო მეტ ფოლადს ყიდულობს, ვიდრე ყიდის.
ტარიფების ზრდამ ფასების მატება გამოიწვია, განსაკუთრებით ალუმინის ბაზარზე. თუმცა, რადგან აშშ-ს არ აქვს საკმარისი შიდა წარმოების შესაძლებლობა, იმპორტის შემცირება მოსალოდნელი არ არის — თუ ფასები იმდენად არ გაიზრდება, რომ მოთხოვნა შემცირდეს.
ოთხშაბათსვე, აშშ-მა სავაჭრო პარტნიორებს მიმართა, წარადგინონ “საუკეთესო შეთავაზებები”, რათა თავიდან აიცილონ კიდევ უფრო მკაცრი ტარიფები, რომლებიც ივლისის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს. ამ ეტაპზე მხოლოდ დიდ ბრიტანეთთან არის მიღწეული შესაბამისი სავაჭრო შეთანხმება. აშშ სახელმწიფოებისგან ითხოვს საპასუხო წინადადებებს ტარიფებზე, კვოტებზე, ციფრულ ვაჭრობაზე და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.
იაპონიამ, რომელიც აშშ-ს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი შეთავაზება არ მიუღია, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს.