აშშ-მ ჩინეთთან ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ კვირას, 11 მაისს, ვაშინგტონის წარმომადგენელმა სავაჭრო მოლაპარაკებებში, ჯეიმსონ გირმა განაცხადა. მისი თქმით, დეტალები 12 მაისს გახდება ცნობილი. ჩინურმა მხარემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერ ჰე ლიფენგის ხელმძღვანელობით, ჟენევაში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა. მოლაპარაკებების შესახებ განცხადება თეთრმა სახლმაც გამოაქვეყნა. სადაც ნათქვამია, რომ აშშ-მ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ “მნიშვნელოვანი პროგრესი” იქნა მიღწეული. მის პოზიციას მხარი დაუჭირა ჰე ლიფენგმა. “მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ძალიან მნიშვნელოვან სავაჭრო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი მივაღწიეთ. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს შვეიცარიელ მასპინძელს. შვეიცარიის მთავრობა კეთილგანწყობა გამოიჩინა ამ შესანიშნავი ადგილის შემოთავაზებით და ვფიქრობ, ამანაც განაპირობა ის, რაც ჩვენ ვნახეთ. დეტალებს ხვალ შეგატყობინებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო. ჩვენ გვყავდა ვიცე-პრემიერი, ორი ვიცე-მინისტრი, რომლებიც განუყოფლად იყვნენ ჩართულნი, ელჩი ჯეიმსონი და მე. გუშინ ღამით ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს, ისევე როგორც ელჩ ჯეიმსონს და ის სრულად არის ინფორმირებული მიმდინარე მოვლენების შესახებ. ასე რომ, ხვალ დილით ბრიფინგი გაიმართება”, — აცხადებს ბესენტი. გრირმა ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ “კონსტრუქციული დღე” იყო და “შეთანხმების მიღწევა შეძლეს”. “როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ეს იყო ძალიან კონსტრუქციული ორი დღე. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამდენად სწრაფად შევძელით შეთანხმების მიღწევა, რაც ასახავს იმას, რომ შესაძლოა განსხვავებები არც ისე დიდი იყო, როგორც შეიძლება გვეგონა. ამის მიუხედავად, ამ ორ დღეში დიდი სამუშაო ჩატარდა. უბრალოდ გაიხსენეთ, რატომ ვართ — შეერთებულ შტატებს აქვს 1.2 ტრილიონი დოლარის უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი, ამიტომ პრეზიდენტმა გამოაცხადა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა და დააწესა ტარიფები და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან მიღწეული შეთანხმება დაგვეხმარება ამ ეროვნული საგანგებო მდგომარეობის მოგვარებისკენ სწრაფვაში”, — განაცხადა გრიგმა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სავაჭრო დეფიციტის საფრთხის გამო. სააგენტო AP-ის ცნობით, 10-11 მაისს მოლაპარაკებები მე-18 საუკუნის სალადინის ვილაში გაიმართა, რომელიც ჟენევის ტბას გადაჰყურებს. შავი მანქანების კოლონა ასევე შენიშნეს გაეროში შვეიცარიის მუდმივი წარმომადგენლის, იურგ ლაუბერის სახლთან. მხარეებმა 10 მაისს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ისაუბრეს, სანამ დაგეგმილ სადილზე წავიდოდნენ. დიალოგი მეორე დღესაც გაგრძელდა.
აშშ-მ ჩინეთთან ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია
