აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკებები სტამბოლიდან მოსკოვში გადაინაცვლებს. ამის შესახებ რუსეთის ახალმა ელჩმა აშშ-ში, ალექსანდერ დარჩიევმა რუსულ სააგენტო “ტასს” განუცხადა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს “დიფ სთეითი” და კონგრესში შექმნილი ანტირუსული ლობი უშლის.
“რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების სრულ ნორმალიზებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი და ეს პროცესი რთულია, რადგან მას ხელს უშლიან არა მხოლოდ თეთრი სახლის ოპონენტები – ანუ ე.წ “დიფ სთეითი”, არამედ კონგრესში არსებული „ქორები“, სადაც ძლიერი ანტირუსული ლობი შეიქმნა”, – განაცხადა დარჩიევმა და დასძინა, რომ „შემიძლია დავადასტურო, რომ დელეგაციების შემდეგი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში მოსკოვში გაიმართება”.
უკრაინაში ომმა მოსკოვსა და დასავლეთს შორის ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი დაპირისპირება გამოიწვია. მოსკოვში და ვაშინგტონში მაღალჩინოსნებმა 2024 წელს Reuters-ს განუცხადეს, რომ მათ არ ახსოვთ, რომ ურთიერთობები ოდესმე უარესი ყოფილიყო. წინა მოლაპარაკებები აშშ-ისა და რუსეთს შორის სტამბოლში 27 თებერვალს და 10 აპრილს გაიმართა.