“აშშ-ს და ჩინეთს ერთმანეთისთვის ხელი ყელში აქვთ ჩავლებული” – ტარიფების ომის შესაძლო შედეგები

“აშშ-ს და ჩინეთს ერთმანეთისთვის ხელი ყელში აქვთ ჩავლებული” – ტარიფების ომის შესაძლო შედეგები
ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა მსოფლიო ეკონომიკისთვის და კარგი ეკონომისტები ამას გრძნობენ” – ასე აფასებს ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულ “სავაჭრო ომს”, რომელიც მიმდინარე კვირაში ჩინეთისთვის 145%-იანი ტარიფის დაწესებით დაგვირგვინდა, თავის მხრივ კი ჩინეთისგან 125%-იანი იმპორტის გადასახადი მიიღო.

BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” სტუმრობისას ნიკოლოზ შურღაიამ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი უდიდესი ეკონომიკის დაპირისპირება, შესაძლოა, 10+ წელიც გაგრძელდეს, რასაც მთელი მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც მომზადებული უნდა შეხვდეს.

უჩვეულოდ ჭკვიანი ამერიკელი მილიარდერი, რეი დალიო გვეუბნება, რომ არ შეგვეშალოს და ტარიფები იზოლირებულ მოვლენად არ განვიხილოთ, ეს ტარიფები არის აშშ-სა და ჩინეთს შორის დიდი დაპირისპირების, მსოფლიო წესრიგის შესაძლო ცვლილების ნაწილი. მისი ხედვაა, რომ ეს ხდება თაობაში ერთხელ, რომ არსებობს მსოფლიო წესრიგის ცვლილების გამოწვევა და, ამ შემთხვევაში, შტატები ცდილობს დაიცვას თავისი მსოფლიო ლიდერობა და ამ ტარიფებით კონკურენტი თავის ადგილზე დასვას.

როგორც ჩანს, ჩინეთიც კარგადაა მოყოჩაღებული, რომ გამოწვევა მისცეს შტატებს. ეს მარტივი არ იქნება, შეიძლება დაპირისპირებამ რამდენიმე, 10-15 წელიც გასტანოს, სხვადასხვა ფორმით, შეიძლება უფრო სერიოზული ფორმებიც მიიღოს, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ; რაც დაიწყო, სახუმარო და იოლად გასატარებელი არ არის, ახლა ორ ქვეყანას ერთმანეთის ყელში აქვთ ხელები ჩავლებული, 100%-ზე მაღალი ტარიფები სერიოზული ამბავია”, – აღნიშნა შურღაიამ.

ფინანსისტმა BMG-ის ეთერში განიხილა ეფექტი, რომელიც “სავაჭრო ომს” გლობალურ ეკონომიკაში მონაწილე თითოეულ მსხვილ მოთამაშეზე ექნება. მანვე აქცენტი გააკეთა შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შესაძლებლობაზე, სატარიფო ომი შესაძლებლობად გამოიყენოს და ამ პროცესებს გადაურჩეს.

“JP Morgan-ის დირექტორი ამბობს, რომ შეერთებული შტატებისთვის რეცესიაში შესვლის ალბათობა მაღალია და დადებითი, რაც შეიძლება მოხდეს ისაა, რომ საგადასახადო რეფორმის შესაძლებლობაა, უარყოფითი კი – ტარიფები და სავაჭრო ომის შესაძლებლობა; ტარიფები არის ახალი გადასახადები იმპორტზე, რაც იმპორტს გააძვირებს და ხელს შეუწყობს ინფლაციას. ამავდროულად, იმ პროდუქტების ჩანაცვლება, რომელიც იმპორტით შემოდიოდა აშშ-ში, მარტივი არ არის. ასევე, ჩინეთი მას იშვიათი ლითონების ექსპორტის საშუალებას არ მისცემს; ამიტომ აშშ-ის ეკონომიკა დაზარალდება და მაღალია ალბათობა იმისა, რომ ერთდროულად მაღალი ინფლაციაც იყოს და ეკონომიკის კლებაც. ამასთან ბრძოლა ძალიან ძნელია. ამავე დროს აშშ მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკაა, თუ ვივარაუდებთ, რომ სხვა რაღაცები ნორმალურად იქნება, მოძებნიან გზას და გამოვლენ…

ჩინეთი არის მსოფლიოს მეორე ეკონომიკა, ძალიან სწრაფად მზარდი, ამავე დროს ძალიან დიდი ექსპორტიორი. აშშ-ში ექსპორტი მთელი ექსპორტის დაახლოებით მეოთხედია, ამიტომ ძალიან დიდი ზეწოლაა მისი ეკონომიკისთვის. ჩინეთი შეეცდება, სხვაგან გაყიდოს ეს პროდუქტი და სხვა ქვეყნებსაც, მაგალითად ევროკავშირის წევრებს, მოუწევთ მისთვის ბარიერების აგება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩინეთსაც გაუჭირდება, ცოტა ხანი, მაგრამ მასაც აქვს გადაწყობის კარგი შესაძლებლობები”, – აღნიშნა ნიკოლოზ შურღაიამ.

რაც შეეხება ტარიფების გავლენას ევროკავშირზე, როგორც ფინანსისტი აღნიშნავს, ამ შემთხვევაში მოვლენების ესკალაციის საფრთხე შემცირებულია და გამოსავალი ორივე მხარეს შორის მოლაპარაკებების წარმოებაშია.

“ევროკავშირიც არ იქნება იოლ მდგომარეობაში, იმიტომ რომ აშშ-ში ექსპორტი მისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გერმანია-საფრანგეთისთვის, ბრიტანეთსაც აქვე მოვიაზრებ… ეს ქვეყნები ფრთხილად არიან; კარგია, რომ ესკალაციის საფრთხე შემცირებულია და 10%-იანი ტარიფი მოთმენადია, მაგრამ მოილაპარაკებენ. ტრამპის მიერ ტარიფების დაპაუზება აწყნარებს ვითარებას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მთლად არ დაუპაუზებია და მიდის მოლაპარაკებები. იმედი მაქვს, საერთო ენას მოძებნიან”, – თქვა შურღაიამ.

“წერტილის” ეთერში ნიკოლოზ შურღაიამ სატარიფო ომის გავლენა საქართველოზეც შეაფასა. მისი თქმით, გლობალურ სატარიფო ომს საქართველოს ეკონომიკაზე, შეიძლება პირდაპირი გავლენა ნაკლები ჰქონდეს, ვიდრე – ირიბი ნეგატიური ეფექტი.

რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს, შურღაიამ ამ შემთხვევაში რუსეთსა და თურქეთზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე შემთხვევაში ეკონომიკური წნეხი მაღალია.

რუსეთი ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, ეკონომიკა მხოლოდ იმის გამო იზრდება, რომ თავის დაგროვილ სიმდიდრეს სამხედრო წარმოებაზე ხარჯავს, მაგრამ მას ინოვაციის გზები ძალიან პატარა აქვს და ეს დროებითი ეფექტია, ნავთობის ფასი რომ $60-ზე დაბლა ჩამოვიდა, კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას.

თურქეთს რაც შეეხება, ისედაც საკმაოდ მჟავე სიტუაციაში იყო, ძალიან მაღალი ინფლაციაა და საზოგადოებრივი განწყობა ძალიან დაძაბულია, ჩვენი მსგავსი სიტუაციაა, რესურსები ბევრი არ აქვთ და მათთვისაც ძალიან მძიმე იქნება. ექსპორტი ძალიან გაუჭირდება, მით უმეტეს ჩინეთთან შევა კონკურენციაში და ძალიან დიდი წნეხია”, – განმარტა ფინანსისტმა.

აპრილის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა 180-მდე ქვეყანას საბაზისო, ე.წ. საპასუხო ტარიფები დაუწესა, რომელიც 100-ზე მეტი ქვეყნისთვის 10%-ით, 60-მდე ქვეყნისთვის კი უფრო მაღალი პროცენტით (15%-50%) განისაზღვრა, ჩინეთის შემთხვევაში კი ეტაპობრივად 145%-ს მიაღწია. მოგვიანებით, ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, ძალაში მხოლოდ საბაზისო, 10%-იანი ტარიფები დაეტოვებინა, 60-მდე ქვეყნისთვის კი უფრო მაღალ ტარიფებზე 90-დღიანი პაუზა აემოქმედებინა. გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც ჩინეთი აღმოჩნდა, რომლისთვისაც 145%-იანი ტარიფი უკვე ძალაშია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *