აშშ-ში დალისტული უმსხვილესი ჩინური კომპანიები – TOP 10

აშშ-ში დალისტული უმსხვილესი ჩინური კომპანიები – TOP 10
Visual Capitalist-მა საბაზრო ღირებულების მიხედვით იმ კომპანიათა რეიტინგი შეადგინა, რომლებიც ამერიკულ საფონდო ბირჟაზე არიან დალისტულები, თუმცა, მათი სათავო ოფისი ჩინეთშია განთავსებული, ან კომპანიის ოპერაციათა ძირითადი ნაწილი სწორედ იქ ხორციელდება.

შეერთებულ შტატებში დალისტული ყველაზე ძვირად ღირებული ჩინური კომპანია Alibaba-აა, რომელსაც ათწლეულში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი IPO ჰქონდა. 2014 წელს აქციების პირველადი განთავსების შემდეგ, კომპანიის საბაზრო ღირებულება 13-ჯერ, $285 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. Alibaba მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პლატფორმაა, რომლის 25-წლიანი ისტორიაც ექვს მსხვილ ბიზნესჯგუფს, მათ შორის Taobao-სა და TMall-ს აერთიანებს.

მეორე ადგილს ასევე ელექტრონული კომერციის პლატფორმა Pinduoduo იკავებს, რომლის ისტორიაც სოფლის მეურნეობის სექტორში დაიწყო და 2025 წლისთვის $143 მილიარდ დოლარიანი კაპიტალიზაცია დააგროვა. Pinduoduo-ს აქციები შეერთებულ შტატებში 2018 წელს დაილისტა.

საბაზრო ღირებულებით მესამე ადგილზეა NetEase, რომელიც აშშ-ში 2000 წელს დაილისტა და რეიტინგში მოხვედრილ 30 კომპანიას შორის უძველესია. $66 მილიარდ დოლარიანი კაპიტალიზაციით, NetEase ჩინეთის ელექტრონული ფოსტის სერვისების უმსხვილესი პროვაიდერია, რომელიც გეიმინგის, მუსიკალური სტრიმინგისა და ონლაინ განათლების მიმართულებითაც ოპერირებს.

$51 მილიარდით აშშ-ში დალისტული რიგით მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული ჩინური კომპანია Alibaba-ს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, JD.Comია. კომპანიის პორტფოლიო როგორც საცალო გაყიდვების, ასევე ტექნოლოგიების, ლოგისტიკის, ჯანდაცვის, უძრავი ქონების მართვისა და დაზღვევის სექტორებსაც აერთიანებს.

მეხუთე ადგილს მოგზაურებისთვის ცნობილი პლატფორმა Trip.com-ის მმართველი ჯგუფი, Trip.Com International იკავებს. კომპანია ჩინეთის უმსხვილესი ტურისტული სააგენტოა, რომელიც მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასაც უწევს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $40 მილიარდს აღემატება.

Baidu ჩინური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის ძირითადი მიმართულებაც ინტერნეტ სერვისები და ხელოვნური ინტელექტია. გარდა ამისა, Baidu ჩინეთის საძიებო სისტემების ბაზარზე დომინანტურ პოზიციას ინარჩუნებს. $31 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, Baidu რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს.

$28.5 მილიარდიანი კაპიტალიზაციით, მეშვიდე ადგილს ჩინური ფარმაცევტული კომპანია BeiGene იკავებს, რომლის მთავარი სპეციალობაც კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დეველოპმენტია. კომპანიის სათავო ოფისი კემბრიჯში მდებარეობს, თუმცა ჩინურ ბაზარზეც დიდი წილი უჭირავს. 2024 წელს BeiGene-მა სახელი შეიცვალა და BeOne Medicines გახდა.

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომს წინ რამდენიმეწლიანი რბოლა უსწრებდა, რომელშიც ორი ქვეყნის ავტოინდუსტრია, უფრო ზუსტად კი ელექტრომობილების მწარმოებლები მონაწილეობდნენ. შტატებში დალისტულ ჩინურ ავტომწარმოებლებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული Li Auto-ა, რომელიც ელექტრომობილებს აწარმოებს და მყიდველს ავტომობილის მგზავრობის ხანგრძლივობის გასაზრდელად ბენზინის ძრავსაც სთავაზობს. კომპანიის საბაზრო ღირებულება $26 მილიარდი დოლარია.

უძრავი ქონების ჰოლდინგური კომპანია KE Holdings-ი რეიტინგში მეცხრე ადგილს $25 მილიარდიანი საბაზრო ღირებულებით იკავებს, რომელიც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სერვისების ონლაინ და ოფლაინ პლატფორმებს მართავს. KE Holdings ჩინეთში უძრავი ქონების ონლაინ ტრანზაქციების უმსხვილესი პროვაიდერია.

და ბოლოს, ტოპ ათეულს Tencent Music ხურავს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც $20 მილიარდს აღემატება. კომპანია Spotify-ის ანალოგ აპლიკაციებს, მათ შორის QQ Music-სა და WeSing-ს მართავს, რომლებსაც 800 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი და 120 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავთ. Tencent ჩინური სტრიმინგის ბაზრის 56%-იან წილს იკავებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის მთავრობამ ჩინურ კომპანიათა ოფშორული დალისტვები 2021 წლიდან შეაჩერა და ნებართვის გაცემის ახალი პრინციპი შეიმუშავა, რომლითაც მთავრობას კომპანიების აქციების განთავსების შეზღუდვა შეეძლო იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიდა, რომ IPO საფრთხეს ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიდა. თუმცა შტატებში ჩინური კომპანიების აქციათა პირველადი განთავსების შემთხვევები მზარდია – 2024 წლის იანვრის შემდეგ, ქვეყანაში 48 ახალი, ძირითადად მცირე საბაზრო ღირებულების მქონე კომპანია დაილისტა, რომელთა IPO-ც საშუალოდ $50 მილიონს შეადგენდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *