ბადრიჯნის ადგილობრივ წარმოებას იმპორტის ჩანაცვლება შეუძლია – რატომ ძვირდება ბადრიჯანი?

ბადრიჯნის ადგილობრივ წარმოებას იმპორტის ჩანაცვლება შეუძლია – რატომ ძვირდება ბადრიჯანი?

ბადრიჯნის ადგილობრივ წარმოებას იმპორტის ჩანაცვლება შეუძლია – რატომ ძვირდება ბადრიჯანი?

ადგილობრივ ბაზარზე ბადრიჯნის სარეალიზაციო ფასი საგრძნობლად მომატებულია. ამას ადასტურებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბადრიჯანი 46%-ით გაძვირდა. როგორც სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, პროდუქტის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი იმპორტ დამოკიდებულებაა.

“მარნეულს შეუძლია იმდენი ბადრიჯნის მოყვანა, რამდენიც საქართველოს არამხოლოდ სეზონზე ეყოფა, არამედ შესაძლებელი გახდება მისი გარკვეული დროით შენახვა” – ასე აფასებს სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი გოჩა ცოფურაშვილი ბადრიჯნის ადგილობრივი წარმოების პოტენციალს. მისივე თქმით, საქართველოში შესაძლებელია იმ რაოდენობის ბადრიჯნის წარმოება, რაც სრულად დააკმაყოფილებს შიდა მოხმარებას, შემდგომ კი ექსპორტის შესაძლებლობაც გაჩნდება. ცოფურაშვილი განმარტავს, რომ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის გასაზრდელად საჭიროა მიზნობრივი პროგრამების არსებობა და სამაცივრე და სასათბურე მეურნეობების განვითარებაა.

დარგის სპეციალისტს მარნეულის მაგალითიც მოჰყავს, სადაც ბადრიჯნის წარმოების ყველა პირობაა, თუმცა მაგალითად – წლების წინ გაკეთებული სამაცივრე მეურნეობები, რომელიც ტექნოლოგიური და სხვა ხარვეზების გამო ვერ გაიმართა – დღესაც უფუნქციოა.

“მარნეულს შეუძლია იმდენი ბადრიჯნის მოყვანა, რამდენიც საქართველოს არამხოლოდ სეზონზე ეყოფა, არამედ შესაძლებელი გახდება მისი გარკვეული დროით შენახვა. ამასთან, ქვეყანას აქვს პოტენციალი – ამავე რაოდენობა სასათბურე მეურნეობებში მოიყვანოს. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ ბადრიჯანს ექნება შედარებით დაბალი თვითღირებულება, იმპორტი კი “თამაშის წესებს” ვეღარ დაადგენს”, – განმარტავს გოჩა ცოფურაშვილი.

მოსაზრებას, რომ ბადრიჯნის ადგილობრივ წარმოებას იმპორტირებული პროდუქტის თითქმის სრულად, 100% ჩანაცვლება შეუძლია – ეთანხმება საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელიც. ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ბადრიჯანი უმეტესად ღია გრუნტზე მოჰყავთ, მოსავლის მოცულობა კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული, ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა კი რთულია. შესაბამისად, ისეთი მოთხოვნადი პროდუქტის წარმოების პროცესში, როგორიც ბადრიჯანია – უმნიშვნელოვანესია სასათბურე მეურნეობების განვითარება, რომელიც ადგილობრივი წარმოების უწყვეტობას შეუწყობს ხელს.

“გარკვეული საგადასახადო პოლიტიკით, შეღავათებითა და მხარდაჭერით, კერძო სექტორთან ერთად სწორი პოლიტიკის შემუშავებით, შესაძლებელია საქართველოში ადგილზე მოხდეს იმ რაოდენობის ბოსტნეულის წარმოება, რომ ჩვენი მოთხოვნა, სრულ სეზონზე თუ არა, 2-3 თვის ჩაგდებით სრულად იქნეს დაკმაყოფილებული”, – აღნიშნავს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 789 250 აშშ დოლარის 1 085 ტონა ბადრიჯანი შემოვიტანეთ, გასულ წელს კი, ანალოგიურ პერიოდში ოდნავ მაღალი მონაცემი დაფიქსირდა – 899 840 აშშ დოლარის 1 196 ტონა. ბადრიჯნის იმპორტი შემცირებულია წლიურ ჭრილშიც. 2024 წელს ჯამურად 6,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 8 531 ტონა ბადრიჯანი შემოვიტანეთ, მაშინ როცა 2023 წელს, იმპორტირებული პროდუქტის რაოდენობა 9 213 ტონას აღწევდა. რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, ბადრიჯანს ძირითადად თურქეთში ვყიდულობთ, სადაც მიმდინარე წლის ორ თვეში 696 400 დოლარის ბადრიჯანი შევიძინეთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *