ბათუმის რუსთაველის ქუჩის რეაბილიტირებული ნაწილი გაიხსნა – ქვაფენილი ასფალტით შეიცვალა

ბათუმის რუსთაველის ქუჩის რეაბილიტირებული ნაწილი გაიხსნა – ქვაფენილი ასფალტით შეიცვალა
დღეს, ბათუმში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტირებული ნაწილი გაიხსნა. ქვაფენილი ასფალტით შეიცვალა. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.

“პროექტის ფარგლებში, არსებული ქვაფენილის ნაცვლად, სტაბილიზებულ საფუძველზე, ასფალტის სამი ფენა მოეწყო, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებს, ბორდიურებსა და გარე განათების სისტემას. გზაგამყოფ ზოლში მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები.

რაც შეეხება გრიბოედოვის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთს, ამ დროისთვის დასრულებულია სანიაღვრე სისტემისა და ჭების მოწყობა. ცენტრალური პარკის მხარეს არსებულ სავალ ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა, ხოლო მეორე მხარეს – მიმდინარეობს პირველი ფენის დაგების სამუშაოები. პარალელურად, მონტაჟდება ბორდიურები და დეკორატიული ფილები”, – აცხადებენ მერიაში.

რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, რომელიც გულისხმობს გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, ჭავჭავაძის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში, ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე დაიწყება.

ცნობისთვის, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისთვის, ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერები გასული წლის ბოლოს გამოაცხადა. ერთ ნაწილში – პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში შპს “გზამ” გაიმარჯვა, რომელთანაც 9 415 227 ლარის ხელშეკრულება დაიდო. მეორე ნაწილში – ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში კი – “ბონდი-2009”-მ, რომელთანაც 12 518 999 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულ კომპანიას სამმართველოს მიერ გამოცხადებული არაერთი ტენდერი აქვს მოგებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *