ჯანსაღი კვების რაციონის გამოძახების სერვისი „ბალანსი“ გაფართოებას განაგრძობს.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, ნუცა სურგულაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალები ნარატივი“ განაცხადა, აგვისტოს დასაწყისში ბრენდი მეორე ფილიალს “ბაზარი ორბელიანზე” გახსნის.
სურგულაძის თქმით, ახალი ფილიალი ქალაქის ტურისტულ ნაწილს მოემსახურება, მაშინ როცა პირველი ფილიალი, „ბალანსი ექსპრესი“, ვაკეში მდებარეობს და სხვა სეგმენტზეა გათვლილი.
„მიტანის სერვისი ძალიან კარგად მუშაობს, თუმცა ახალი ფილიალით ქალაქის სხვა ნაწილსაც დავფარავთ“, – ამბობს სურგულაძე.
„ბალანსი“ უკვე 2.5 წელია ბაზარზეა და მომხმარებელს ჯანსაღ რაციონზე დაფუძნებულ კვების რაციონს, დესერტებსა და წვენებს სთავაზობს. სურგულაძის თქმით, პირველ ფილიალში თავდაპირველად მოთხოვნა ძირითადად საკონდიტრო ნაწარმზე იყო, თუმცა წელს ლანჩის სალათებზე, ვრაპებსა და სენდვიჩებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა და წინა წელთან შედარებით ლანჩის პროდუქტებზე გაყიდვები გაასმაგდა.
აღსანიშნავია, რომ სამომავლო პერსპექტივაში, კომპანია ახალი ფილიალების გახსნასაც გეგმავს, ტერასიანი სივრცეებით, სადაც მომხმარებლები არა მხოლოდ კვებას, არამედ სასიამოვნო გარემოში დროის გატარებასაც შეძლებენ.
„ყოველთვიურად ვამატებთ ახალ პოზიციებს. ჩვენი ხედვაა, რომ ჯანსაღი კვება არ იყოს მოსაბეზრებელი, რაც მომხმარებლების დიდ მოწონებას იმსახურებს“, – აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, „ბალანსი“ ჯანსაღი კვების გამოძახების სერვისია, რომელმაც ოპერირება 2022 წლის ოქტომბერში 10 ათასი დოლარის ინვესტიციით დაიწყო.